WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სთავაზობს, „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდეს და პოლიტიკური ბრძოლა დაიწყოს.

„ღარიბაშვილს ვურჩევ პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას. ის კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური პატიმარია და გამოსავალიც მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლაა! ჩვენი პარტიის — პატრიოტთა ალიანსის — ირგვლივ 50-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული. ზოგი ძალიან პატარაა, ზოგი — დიდი, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. საჯაროდ ვთავაზობ ღარიბაშვილს — შემოგვიერთდეს და დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესი“, — წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ინაშვილის თქმით, მის უკან არასდროს არ მდგარა ღარიბაშვილი და არ იცის, მოეწონება თუ არა ექს-პრემიერს ეს აზრი.

„სხვათა შორის, ამ განცხადებით წინასწარ ვუჭრი გზას კობახიძე-მდინარაძეების ცრუ ბრალდებებს, ცილისწამებებსა და ხაფანგებს“, — დასძენს ინაშვილი.

„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ადვოკატის განცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა.

პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.

18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.

20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.