ისევ დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან რუსეთის იმ რაიონიდან, სადაც 112-ე სარაკეტო ბრიგადაა

1 day ago 8

უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის ივანოვოს ოლქის ქალაქ შუიაზე. ამ ქალაქში დისლოცირებულია რუსეთის არმიის 112-ე სარაკეტო ბრიგადა.

ივანოვოს ოლქის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 17 აპრილს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღამით დრონების შეტევა „მოიგერიეს“, არავინ დაშავებულა და მხოლოდ რამდენიმე სახლის ფანჯრები დაზიანდა.

ადგილობრივი ხელისუფლება შეტევის სამიზნეს არ ასახელებს. რუსულმა ტელეგრამ-არხმა ASTRA-მ გაავრცელა ადგილობრივი მცხოვრების მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც აფეთქებით გამოწვეულ ხანძარს ასახავს. ტელეგრამ-არხი ვიდეოს ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ეს ადგილი 112-ე სარაკეტო ბრიგადის ყაზარმებიდან დაახლოებით 180 მეტრშია.

ქალაქ შუიაში რომ რთული ვითარებაა, ამაზე მსჯელობა შეიძლება ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დროებით დახუროს სკოლები და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს. ქალაქის ადმინსიტრაციამ მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ და ინტერნეტით არ გაავრცელონ დრონებით შეტევასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 71 უკრაინული დრონის „გზად დაჭერას და განადგურებას“ ეხება, ივანოვოს ოლქი ნახსენები არ ყოფილა.

ივანოვოს ოლქის ქალაქ შუიაზე დრონებით შეტევა იყო 16 აპრილსაც. რუსული ტელეგრამ-არხები 112-ე სარაკეტო ბრიგადის ტერიტორიაზე აფეთქებების და ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ.

უკრაინას რუსეთის ამ სამხედრო ობიექტზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

სრულად წაკითხვა