„ისინი მათ სიკვდილამდე სცემენ“ – TAZ-ის ინტერვიუ ზაზა ბურჭულაძესთან

6 days ago 5

გერმანული გამოცემა TAZ-ი აქვეყნებს ინტერვიუს ქართველ მწერალ ზაზა ბურჭულაძესთან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


ზაზა, რას ფიქრობთ და განიცდით, როცა აკვირდებით სიტუაციას თბილისსა და თქვენს სამშობლოში?

ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ჩვენ ვიცით, როგორი მტკივნეულია მშობლის, ნათესავის, მეგობრის დაკარგვა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორია სამშობლოს დაკარგვა. ეს გულის ამოგლეჯას ჰგავს – ორგანოსი, რომელზეც დამოკიდებულია მთელი ორგანიზმის სიცოცხლე. ხალხს, რომელიც ახლა ჩემს ქვეყანაში თავისუფლებისთვის იბრძვის, სპეცდანიშნულების რაზმები იტაცებენ და აწამებენ. ვუყურებ რა მთელ ამ ჯოჯოხეთს ბერლინიდან, მე ფაქტობრივად შევწყვიტე ნორმალური ფუნქციონირება. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ყველაზე ძვირფასი ადამიანის ნელ სიკვდილს ვესწრები.

თქვენ გულისხმობთ ჯგუფებს, რომლებიც, სავარაუდოდ, იყენებს მთავრობა?

დიახ. ეს ტერორია. მთავრობა იყენებს ბანდიტურ ბანდებს, როგორც სპეცდაჯგუფებებს, ხალხის დასაშინებლად, და მათ ფულს უხდის ამისთვის. მოძალადეები დემონსტრანტებს სპეციალურ „საწამებელ ფურგონებში“ აგდებენ, სადაც მათზე ფიზიკურად ძალადობენ. დღემდე თბილისში ხუთას ადამიანამდეა დაპატიმრებული. დაკავებულთა უმეტესობა ჰყვება, რომ მოძალადეები მათ ნამდვილი კრიმინალებივით ექცევიან. ისინი ხალხს სიკვდილამდე სცემენ, უმტვრევენ ნეკნებსა და სახის ძვლებს. ართმევენ მობილურებს, ჯვრებს, ფულს. ასე იქცეოდნენ რუსი ჯარისკაცებიც 2008 წელს, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ისინი იპარავდნენ ლოგინის თეთრეულსა და უნიტაზებს ქართული სახლებიდან.

საბჭოთა მეთოდი.

დიახ. წინა ორშაბათს პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომელთაც ჩაუგდო ნარკოტიკი, რათა მათთვის ბრალი წაეყენებინა შეძენა-შენახვისთვის. ასეთივე რამ მოხდა ჟურნალისტ ნიკა კაციასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება მეტი შიშის დათესვას ქვეყანაში. ჩემი კოლეგა პოეტი ზვიად რატიანი, რომელსაც დაკავებისას ნეკნები ჩაუმტვრიეს, კლინიკის ნაცვლად, ციხეში მოათავსეს.

აღფრთოვანებას იწვევს, რომ ამის მიუხედავად, ათასობით ადამიანი მაინც გამოდის ქუჩებში, იკეთებს აირწინაღსა და დამცავ ნიღბებს და განაგრძობს პროტესტს.

ახლა არალეგიტიმური მთავრობა იღებს კანონს, რომელიც კრძალავს ნიღბების ხმარებას. პოლიცია იყენებს წყლის ჭავლს, რომელიც შეიცავს ქიმიურ ნაერთს. ეს ჯოჯოხეთია.

რა სახის დახმარება სჭირდება ახლა ქართულ ოპოზიციას?

ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ევროკავშირის სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირისა და ამერიკის დახმარება. თუ არ დაგვეხმარებით, მალე ეს მშვენიერი ქვეყანა აღარ იქნება. ვლადიმირ პუტინი აწარმოებს ჰიბრიდულ ინტერვენციას საქართველოში. მან დაკარგა სირია, ფაქტობრივად ირანი, მისი პოზიციები უკრაინაში არცთუ მყარია; მას ძალიან უნდა ახლა ამ პატარა ქვეყნის ანექსია, 3,5 მილიონი მოსახლით. გერმანიამ დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როცა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე უარი უთხრა საქართველოსა და უკრაინას ნატოს გაწევრიანებაზე. ახლა გერმანიას ეძლევა შანსი, გამოასწოროს თავისი შეცდომა, ევროკავშირში საქართველოს მხარდაჭერით.

რა შედეგებს მოიტანდა სანქციები?

ივანიშვილი ქვეყანას მართავს თავისი ქონებით, რომელიც კავშირშია რუსეთთან, მისი კაპიტალის ნაწილი არის ქვეყნის გარეთ. ეს ანგარიშები უნდა გაიყინოს, რომ მან ვეღარ გააგრძელოს დამანგრეველი მოქმედებები.

სანქციების გარდა, კიდევ რა ზომები უნდა მიიღოს ევროკავშირმა?

ივანიშვილი და მისი მარიონეტული მთავრობა უნდა მოექცნენ სრულ იზოლაციაში. მის და მისი გუნდის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს არა მარტო ფინანსური, არამედ უნდა ითვალისწინებდეს სავიზო შეზღუდვებსაც. არც მათ უნდა ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება და ვერც მათმა ფულმა უნდა იმოძრაოს. ასევე, კარგი იქნებოდა, თუკი ევროკავშირი შეინარჩუნებდა კონტაქტს ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, მისი პოსტიდან წასვლის შემდეგაც. იგი საქართველოს ხმაა. ქართველი ხალხის ხმა უნდა ისმოდეს მსოფლიოში. ევროპის დახმარების გარეშე, საქართველო ბოლომდე აღმოჩნდება რუსეთის კონტროლის ქვეშ.

შაბათს ულტრამემარჯვენე და პრორუსული, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი იქნა დანიშნული საქართველოს პრეზიდენტად – პირველად, პარლამენტის დეპუტატებისა და პოლიტიკოსების მიერ, და არა სახალხო არჩევნების გზით.

ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, საშინელი დაცინვაა. ეს არ ყოფილა არჩევნები, რამდენადაც მასში მონაწილეობდა ერთადერთი კანდიდატი. როგორც საბჭოთა დროს, არალეგიტიმურმა პარლამენტმა დანიშნა არალეგიტიმური პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ამასთან დაკავშირებით თქვა: „არავის არავინ არ აურჩევია“.

რას წარმოადგენს ყაველაშვილი?

საქართველოში მას ეძახიან „ივანიშვილის ზებრას“. აქ გასათვალისწინებელია, რომ ივანიშვილს უყვარს ეგზოტიკური ცხოველები. მას ჰყავს პინგვინები, თუთიყუშები, და სხვ. ყაველაშვილი კიდევ ერთი ეგზემპლარია მის ზოოპარკში. მაგრამ, ჩემი აზრით, ზებრას უფრო მაღალი IQ აქვს, ვიდრე მას. ფეხბურთელმა, უმაღლესი განათლების ან რაიმე სხვა სახის კვალიფიკაციის გარეშე პრეზიდენტის რანგში, ბევრს გაახსენა კალიგულას ცხენი, რომლის არჩევაც უნდოდა იმპერატორს რომის სენატში პირველ საუკუნეში.

ხელისუფლებას რაც შეიძლება მალე უნდოდა სალომე ზურაბიშვილი მოცილება.

დიახ. და რა მოხდება ამის შემდეგ – უცნობია. ზოგადად, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტებს მინიმუმ ერთი წლით კიდევ უნარჩუნდებათ პირადი დაცვა. მგონი, უკვე მოეხსნა თუ უხსნიან ამ დაცვას სალომე ზურაბიშვილს.

ყველაფრის მიუხედავად, რა გაძლევთ იმედს?

ახლა რთულია იმედების ქონა. ყველაზე გავლენიანი ადამიანი პროპაგანდისტული ტელეარხების საშუალებით ავრცელებს შეთქმულების თეორიებს დასავლეთის წინააღმდეგ. იგი ამბობს, რომ დასავლეთში მამაკაცებს რძე უდგათ მკერდში და მათ ტუალეტში ჰიგიენური ტამპონები აწყვია. დღევანდელი საქართველო ორუელის „1984“-ის გიჟურ ვერსიას ჰგავს. თქვენ მკითხეთ იმედზე. მე ასე გეტყოდით: კაცი კვდება, იმედი კი რჩება.

სრულად წაკითხვა