ისრაელზე თავდასხმის გამო, აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს

1 week ago 17

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ, ირანის დრონების პროგრამას, ფოლადის ინდუსტრიასა და ავტომწარმოებელ კომპანიებს სანქციები დაუწესა. ეს ვაშინგტონის პასუხია, ირანის მიერ, ისრაელის წინააღმდეგ ღია და პირდაპირ საჰაერო იერიშზე.

ხაზინის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 13 აპრილს ისრაელის წინააღმდეგ უპრეცდენტო თავდასხმის გამო, სანქციები დაუწესდება 16 ინდივიდუალურ და 2 იურიდიულ პირს. ეს ადამიანები თუ კომპანიები, ხაზინის განცხადებით, შესაძლებელს ხდიან ირანის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას, მათ შორის, ე.წ. „შაჰედი“ დრონებისთვის საჭირო ძრავებს. „შაჰედები“ ისრაელის წინააღმდეგაც იყო გამოყენებული. მანამდე კი, რუსეთი მათ უკრაინის წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია იყენებს. ამასთან, იგივე კომპანიები ამარაგებენ საჭირო ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებულ სხვა აქტორებსაც.

ხაზინა ამბობს, რომ ეს პირები და კომპანიები უშუალოდ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სასარგებლოდ მუშაობენ. ამავე განცხადების მიხედვით, ხაზინის დეპარტამენტი ასევე სჯის იმ 5 კომპანიას, რომლებიც ირანის ფოლადის ინდუსტრიასთან არიან დაკავშირებულნი და ირანულ ავტოწარმოებას ამარაგებენ.

ახალი სანქციები, რომლებიც ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინაციით შემუშავდა, მიზნად ისახავს ირანის სარაკეტო და დრონების პროგრამის შეზღუდვას და ქვეყნის იზოლირებას.

თუმცა, ამავე დროს, დასავლელი მოკავშირეები ისრაელს მოუწოდებენ, ირანის თავდასხმაზე სამხედრო რეაგირების გარდა, სხვა "მოზომილი ნაბიჯებიც" განიხილოს.

პრეზიდენტჯო ბაიდენის თქმით, ეს სანქციები კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ "ირანის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე, ამერიკა არ იყოყმანებს."

სრულად წაკითხვა