16 მაისს ღაზაში ისრაელის დარტყმების შედეგად სულ მცირე 93 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ინფორმაციას ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ავიადარტყმები განხორციელდა ღაზის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის მათ შორის დეირ ალ-ბალაჰის გარეუბანში და ქალაქ ხან-იუნისში.
მასშტაბური თავდასხმა დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაასრულა ვიზიტი შუა აღმოსავლეთში. ტრამპი ისრაელში არ ჩასულა. ფართოდ იყო გავრცელებული იმედი, რომ ამერიკის პრეზიდენტის რეგიონული ვიზიტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ან ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების განახლებას შეუწყობდა ხელს. ისრაელი უკვე მესამე თვეა ტერიტორიის ბლოკადას ახორციელებს. ვიზიტის ბოლოს ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთელი რიგი გლობალური კრიზისების, მათ შორის ღაზაში არსებული ვითარების გადაჭრას ცდილობს. „ჩვენ ღაზას ვუყურებთ“, - თქვა მან. „და ჩვენ უნდა მივხედოთ ამას. ბევრი ადამიანი შიმშილობს. ბევრი ადამიანი - ბევრი ცუდი რამ ხდება“.
ისრაელმა განაცხადა, რომ აგრძელებს ღაზაში მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციებს და რომ ბოლო დღის განმავლობაში 150 სამიზნეს დაესხა თავს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების პუნქტებსა და სამხედრო სტრუქტურებს. ისრაელის თქმით, ჩრდილოეთ ღაზაში მან რამდენიმე მებრძოლი გაანადგურა, რომლებიც სადამკვირვებლო კომპლექსში მოქმედებდნენ.
კვირის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებდა ძალის ესკალაციას ღაზის სექტორში, მებრძოლი დაჯგუფება ჰამასის გასანადგურებლად.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ამას მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.
2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
პირველ ეტაპზე, რომელიც 1 მარტს დასრულდა, ჰამასმა ისრაელს დაუბრუნა 33 მძევალი (მათგან 8 ცხედარი), ხოლო ისრაელმა გაათავისუფლა დაახლოებით 1800 პალესტინელი პატიმარი. მეორე ეტაპის პირობების შეთანხმება ვეღარ მოხერხდა, რის შემდეგაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია და ღაზის სექტორის ბლოკადა განაახლა.
არსებული მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში რჩება 58 ადამიანი, რომელთაგან, სავარაუდოდ, ცოცხალია 23. გრძელდება საერთაშორისო ძალისხმევა მძევლების გათავისუფლებისა და მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
პალესტინური მხარის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მაისამდე ღაზის სექტორში დაიღუპა 53 ათასზე მეტი ადამიანი.