ისრაელმა გამოაცხადა, რომ განაახლა ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე დარტყმები

6 hours ago 2

ისრაელის არმიამ განაახლა საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის წინააღმდეგ. ღაზის ხელისუფალთა ინფორმაციით, მოკლულია ათეულობით ადამიანი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც ჰამასმა არაერთხელ თქვა უარი მძევლების გათავისუფლებაზე და უარყო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის და შუამავლების წინადადებები.

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე შეტევა 18 მარტს, შუაღამის შემდეგ განაახლა. თავდაცვის არმიის და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მასირებული დარტყმების სამიზნეა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ობიექტები.

ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ აშშ და ევროკავშირიც.

პალესტინური მხარის მონაცემებით, საჰაერო და საარტილერიო შეტევის შედეგად დაღუპულია ასამდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. სხვა წყაროებით ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა Fox News-ს განუცხადა, რომ ისრაელმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წინასწარ გააფრთხილა ღაზაში ოპერაციის განახლების შესახებ.

აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებდა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.

პირველ ეტაპზე, რომელიც 1 მარტს დასრულდა, ჰამასმა ისრაელს დაუბრუნა 33 მძევალი (მათგან 8 ცხედარი), ხოლო ისრაელმა გაათავისუფლა დაახლოებით 1800 პალესტინელი პატიმარი.

მეორე ეტაპის პირობების შეთანხმება ვეღარ მოხერხდა.

  • ისრაელმა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის წინააღმდეგ ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
  • პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაიღუპა 47 000-მდე ადამიანი. მილიონზე მეტი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარულ კატასტროფაში აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 92%.
სრულად წაკითხვა