WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 27 ოქტომბერს ისრაელის მოქალაქეები 26-ე მოწვევის პარლამენტს, ქნესეთს აირჩევენ.

პარლამენტის 120-მანდატზე პრეტენზიას აცხადებს 30-ზე მეტი პარტია. ხმის უფლებით სარგებლობს შვიდ მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

  • 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ისრაელში პირველია ჰამასის თავდასხმის შემდეგ, რომელმაც ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა და უსაფრთხოების მიმართ სერიოზული შეკითხვები გააჩინა.

მთავარი კონკურენტები

მანდატების მოსაპოვებლად ძირითადი ბრძოლა მოსალოდნელია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე „ლიკუდსა“ და ცენტრისტულ პარტია „იაშარს“ შორის, რომლის ლიდერი ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გადი აიზენკოტია.

საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ უნდა მიიღოს.

120-წევრიან ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 61 მანდატია საჭირო. პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად 3,25%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ

ანალიტიკოსების შეფასებით, 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს არა მხოლოდ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი ოპონენტების პოლიტიკურ მომავალს, არამედ აჩვენებს, რა სურთ ისრაელის მოქალაქეებს გადატანილი სამხედრო და პოლიტიკური რყევების შემდეგ.

  • 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, სადაც, ისრაელის მონაცემებით, 1200-მდე ადამიანი დახოცა და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანა.
  • თავდასხმას მოჰყვა ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში. ამ ოპერაციამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც და ჰუმანიტარული კატასტროფა. პალესტინური მხარის მონაცემებით, დაიღუპა 74 ათასზე მეტი ადამიანი.