WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარტიების აკრძალვაზე სამართლებრივ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელშიც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 9 საქმე. ამ საქმეებში შეფასდა პოლიტიკური პარტიების გაუქმების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული პლურალიზმის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებენ, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, მათი გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ დამაჯერებელი და წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს.

მიმოხილვაში მოყვანილი 7 საქმეში საქმეში სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა, რადგან პარტიების გაუქმება ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ორ საქმეში კი სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით პარტიების გაუქმება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ და გამართლებულ ღონისძიებად მიიჩნია.

გთავაზობთ საქმეების მიმოხილვას უცვლელად:

საქმეში Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey (2003) დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პოლიტიკური პარტიის გაუქმებით კონვენციის მე-11 მუხლი არ დარღვეულა.

„სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ შეზღუდვები ვიწროდ უნდა განიმარტოს და მათი გამართლება მხოლოდ დამაჯერებელი და წონადი საფუძვლებითაა შესაძლებელი. პარტიის გაუქმება უკიდურესი ღონისძიებაა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ყველაზე მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამართლდეს“

შეფასებისას სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამ გარემოებაზე:

  • არსებობდა თუ არა დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ დემოკრატიისთვის საფრთხე რეალური და გარდაუვალი იყო);
  • შეიძლებოდა თუ არა პარტიის ლიდერებისა და წევრების განცხადებებისა და ქმედებების პარტიისთვის, როგორც ერთიანი ორგანიზაციისთვის, მიკუთვნება და ერთობლიობაში წარმოაჩენდა თუ არა ეს განცხადებები და ქმედებები საზოგადოების ისეთ მოდელს, რომელიც შეუთავსებელი იყო დემოკრატიული საზოგადოების ცნებასთან.
  • სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ისტორიული კონტექსტი და სეკულარიზმის პრინციპის დაცვის მნიშვნელობა თურქეთში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტიის ლიდერების განცხადებები შარიათზე დაფუძნებული სამართლებრივი სისტემის დამკვიდრებისა და ამ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, სხვა გარემოებებთან ერთად, თავად პარტიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, რაც სასამართლოს შეფასებით, შემოთავაზებული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეს საკმარისად ხელშესახებს ხდიდა.5 ამ გარემოებათა ერთობლივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ პარტიის გაუქმება პასუხობდა გადაუდებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა.

საქმე Herri Batasuna and Batasuna v. Spain (2009) – კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ორივე პარტია დაშალა იმ დასკვნის საფუძველზე, რომ მათი ქმედებები ETA-ს ტერორისტული სტრატეგიის განხორციელებას ემსახურებოდა და მათსა და ამ ორგანიზაციას შორის კავშირი არსებობდა. ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა, რომ პოლიტიკური პარტიის გაუქმება უკიდურესი ღონისძიებაა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ განსაკუთრებული სიმძიმის შემთხვევებში შეიძლება გამართლდეს.

ჩარევის აუცილებლობის შეფასებისას სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ორ ძირითად კრიტერიუმზე: არსებობდა თუ არა სარწმუნო მტკიცებულებები, რომ დემოკრატიისთვის საფრთხე საკმარისად და გონივრულად იყო მოახლოებული და ქმნიდა თუ არა პარტიისთვის მიკუთვნებული განცხადებები და ქმედებები ერთობლიობაში საზოგადოების ისეთ მოდელს, რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების ცნებასთან.

ამ კრიტერიუმების გამოყენებისას სასამართლო არ შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ პარტიებმა ETA-ს თავდასხმები არ დაგმეს. მან გაითვალისწინა სხვა ქმედებებიც, რომლებსაც ეროვნული სასამართლოები სოციალური დაპირისპირების გაღვივებასა და ETA-ს ტერორისტული საქმიანობის ირიბ მხარდაჭერას უკავშირებდნენ. მტკიცებულებების დეტალური შეფასების საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ გონივრულად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების დასკვნა პარტიებსა და ETA-ს შორის კავშირის შესახებ. ესპანეთში, განსაკუთრებით ბასკეთის რეგიონში, წლების განმავლობაში არსებული ტერორისტული თავდასხმების კონტექსტში კი აღნიშნული კავშირი დემოკრატიისთვის ობიექტურ საფრთხედ შეაფასა.

საქმეები სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გაუმართლებლად მიიჩნია.

საიას მიმოხილვას უცვლელად გთავაზობთ. 

საქმე United Communist Party of Turkey and Others v. Turkey (1998), რომელშიც ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია (TBKP) დაშალა, ერთი მხრივ, სახელწოდებაში სიტყვა „კომუნისტურის“ გამოყენების, ხოლო მეორე მხრივ, პარტიის წესდებასა და პროგრამაში ქურთებისა და თურქების ცალკე ერებად მოხსენიების გამო, რაც სეპარატიზმისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნად მიიჩნია.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ სახელწოდების არჩევა, სხვა შესაბამისი და საკმარისი გარემოებების გარეშე, ვერ გაამართლებდა მისი გაუქმების მსგავს მკაცრ ღონისძიებას. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობდა კონკრეტული მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა დასკვნის გაკეთება, თითქოს სიტყვა „კომუნისტურის“ გამოყენებით პარტია ისეთ პოლიტიკურ კურსს უჭერდა მხარს, რომელიც თურქეთის საზოგადოებას ან სახელმწიფოს რეალურ საფრთხეს უქმნიდა.

ქურთულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ პარტიის პროგრამაში ქურთების „ხალხად“ და „ერად“ მოხსენიება არ გულისხმობდა მათთვის განსაკუთრებული უფლებების მოთხოვნას ან თურქეთის დანარჩენი მოსახლეობისგან გამოყოფის მიზანს. პირიქით, პროგრამა ითვალისწინებდა ქურთული საკითხის მშვიდობიან, დემოკრატიულ და სამართლიან გადაწყვეტას და ქურთი და თურქი ხალხების თანასწორუფლებიან თანაცხოვრებას თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია ქვეყნის პრობლემების დიალოგის გზით, ძალადობის გარეშე გადაწყვეტის შესაძლებლობა. შესაბამისად, პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობის შეზღუდვა ვერ გამართლდებოდა მხოლოდ იმით, რომ იგი საჯაროდ განიხილავდა სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილის მდგომარეობას და დემოკრატიული წესებით ამ პრობლემების გადაჭრის გზებს ეძებდა.

მსგავსი პრინციპი განავითარა სასამართლომ საქმეში Socialist Party and Others v. Turkey (1998), რომელშიც პარტია ყოფილი თავმჯდომარის განცხადებების საფუძველზე აიკრძალა. აღნიშნული განცხადებები ეხებოდა ქურთი ხალხის თვითგამორკვევას და თურქეთში ფედერალური სისტემის დამკვიდრებას, რასაც თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ერთიანობისთვის საფრთხედ მიიჩნევდა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განცხადებები არ შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას, აჯანყების წახალისებას ან დემოკრატიული პრინციპების უარყოფას. პირიქით, პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკური რეფორმების დემოკრატიული გზით, არჩევნებისა და რეფერენდუმის საშუალებით განხორციელების აუცილებლობას უსვამდა ხაზს. სასამართლომ განმარტა, რომ პოლიტიკური პროგრამის შეუთავსებლობა სახელმწიფოს არსებულ მოწყობასთან თავისთავად არ ნიშნავს მის შეუთავსებლობას დემოკრატიის პრინციპებთან. დემოკრატიის არსებითი მახასიათებელია განსხვავებული პოლიტიკური პროგრამების შეთავაზებისა და განხილვის შესაძლებლობა, მათ შორის ისეთი პროგრამებისა, რომლებიც სახელმწიფოს არსებული მოწყობის შეცვლას ითვალისწინებს, იმ პირობით, რომ ისინი თავად დემოკრატიას არ აზიანებს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პარტიის გაუქმება, მისი ქონების ლიკვიდაცია და ხელმძღვანელებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა უკიდურესად მკაცრი ღონისძიებები იყო, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ განსაკუთრებული სიმძიმის შემთხვევებში შეიძლება გამართლდეს.

საქმეში Freedom and Democracy Party (ÖZDEP) v. Turkey (1999) დიდმა პალატამ ასევე დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. პარტია დაშალეს მისი პროგრამის საფუძველზე, რომელიც ქურთული საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტასა და თვითგამორკვევას ეხებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ პროგრამა არ შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას, აჯანყების წახალისებას ან დემოკრატიული პრინციპების უარყოფას. მან ხაზი გაუსვა, რომ განსხვავებული პოლიტიკური პროექტების შეთავაზება და განხილვა, მათ შორის სახელმწიფოს არსებული მოწყობის შეცვლის წინადადებები, დემოკრატიის არსებითი მახასიათებელია, თუ ეს პროექტები თავად დემოკრატიას არ აზიანებს.

საქმეში Yazar and Others v. Turkey (2002) სასამართლომ ერთხმად დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა. თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხალხთა შრომის პარტია (HEP) დაშალა მისი ლიდერებისა და წარმომადგენლების განცხადებებისა და საქმიანობის საფუძველზე, რომლებიც, ეროვნული სასამართლოს შეფასებით, საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ ერთიანობას. შეფასებისას სასამართლომ გაითვალისწინა აგრეთვე პარტიის წარმომადგენლების განცხადებები PKK-ის (ქურთისტანის მუშათა პარტია) საქმიანობასთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ თვითგამორკვევისა და ენობრივი უფლებების აღიარების მოთხოვნა თავისთავად არ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამ იდეების მხარდაჭერის ტერორიზმის მხარდაჭერად მიჩნევა შეამცირებდა საკითხების დემოკრატიული დებატების ფარგლებში განხილვის შესაძლებლობას და შეიარაღებულ ჯგუფებს მისცემდა ამ იდეების მონოპოლიზების საშუალებას.

მსგავსი მიდგომა გამოიყენა სასამართლომ საქმეში HADEP and Demir v. Turkey (2010), რომელშიც პარტიის გაუქმებით კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დადგინდა. თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია დაშალა იმ დასკვნის საფუძველზე, რომ იგი უკანონო საქმიანობის ცენტრად იყო ქცეული და PKK-სეხმარებოდა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ HADEP-ის პროგრამა გმობდა ძალადობას და ითვალისწინებდა დემოკრატიულ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებსა და ადამიანის უფლებების პატივისცემასთან თავსებად პოლიტიკურ გადაწყვეტებს.30 ამასთან, ხელისუფლებისა და უსაფრთხოების ძალების მოქმედებების „ბინძურ ომად“ (dirty war) შეფასება სასამართლომ მთავრობის პოლიტიკის მკაცრ კრიტიკად მიიჩნია, რომელიც არ ახალისებდა ძალადობას ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას და თავისთავად ვერ ადასტურებდა პარტიის კავშირს შეიარაღებულ ჯგუფებთან. სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა HADEP-ის მიერ PKK-ის ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერას და პარტიის გაუქმება არ პასუხობდა „გადაუდებელ საზოგადოებრივ საჭიროებას“.

საქმეში Republican Party of Russia v. Russia (2011) ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. რუსეთის ხელისუფლებამ 1990 წელს დაფუძნებული პარტია 2007 წელს დაშალა, რადგან იგი ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მინიმალური წევრობისა და რეგიონული წარმომადგენლობის მოთხოვნებს. პარტიას უნდა ჰყოლოდა სულ მცირე 50 000 წევრი და არანაკლებ 45 რეგიონული ფილიალი, თითოეულში 500-ზე მეტი წევრით.  სასამართლომ აღნიშნა, რომ პარტიის წესდებასა თუ პროგრამაში არაფერი მიუთითებდა მის არადემოკრატიულ ხასიათზე და მისი არსებობის 17 წლის განმავლობაში მას არ ედებოდა ბრალი ძალადობის გამოყენებაში ან დემოკრატიული სისტემის ძირის გამოთხრაში. პარტიის გაუქმების ერთადერთი საფუძველი წევრთა მინიმალური რაოდენობისა და რეგიონული წარმომადგენლობის მოთხოვნების შეუსრულებლობა იყო.

სასამართლომ ასევე გაუსვა ხაზი წევრთა მინიმალური რაოდენობის მოთხოვნის მკვეთრ ზრდასა და კანონმდებლობის ხშირ ცვლილებას, რამაც რეგულარულ შემოწმებებთან ერთად პარტიებს არაპროპორციული ტვირთი დააკისრა. რეგიონული წარმომადგენლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ გაითვალისწინა, რომ პარტია მოქმედებდა როგორც საერთოეროვნული პოლიტიკური ძალა, არ უჭერდა მხარს სეპარატისტულ შეხედულებებს და, პირიქით, მისი წესდება ქვეყნის ერთიანობასა და მრავალეთნიკური მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას ითვალისწინებდა. ამ გარემოებებში სასამართლომ ვერ დაინახა, როგორ ემსახურებოდა პარტიის გაუქმება სახელმწიფოს მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს. შესაბამისად, მან დაასკვნა, რომ პარტიის გაუქმება არაპროპორციული იყო და დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი.

საქმეში Party for a Democratic Society (DTP) and Others v. Turkey (2016) ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ პარტიის პროგრამა გმობდა ძალადობას და ითვალისწინებდა დემოკრატიულ, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებთან თავსებად პოლიტიკურ გადაწყვეტებს. მან ასევე განმარტა, რომ ქურთული იდენტობის აღიარებისა და ქურთული საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერა თავისთავად არ ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამ იდეების ადვოკატირების ტერორიზმის მხარდაჭერად მიჩნევა კი შეამცირებდა მათ შესახებ დემოკრატიული დებატების შესაძლებლობას და შეიარაღებულ ჯგუფებს ამ იდეების მონოპოლიზების საშუალებას მისცემდა. რაც შეეხება პარტიის თანათავმჯდომარეთა განცხადებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი არ ახალისებდა ძალადობას, შეიარაღებულ წინააღმდეგობას ან აჯანყებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტიის მიერ ზოგიერთი წევრისა და ადგილობრივი ლიდერის განცხადებებისა და ქმედებებისგან მკაფიო გამიჯვნის არარსებობის გამო ზომების მიღება შესაძლოა „გადაუდებელ საზოგადოებრივ საჭიროებას“ პასუხობდა. თუმცა, ამ უმოქმედობის შედარებით შეზღუდული გავლენის გათვალისწინებით საზოგადოებრივ წესრიგსა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ იგი თავისთავად ვერ გაამართლებდა მთელი პოლიტიკური პარტიის გაუქმებას. შესაბამისად, პარტიის გაუქმება არაპროპორციულად იქნა მიჩნეული და კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დადგინდა.