იტალიაში 300-ზე მეტმა სკოლამ მიიღო წერილები, რომლებიც იტყობინებოდა ბომბის შესახებ - იუწყება იტალიაში გამომავალი Orizzonte Scuola. ამავე დღეს მსგავსი მუქარა მიიღეს ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ასობით სასწავლო დაწესებულებაშიც. მოსწავლეები და სკოლების პერსონალი შენობებიდან გაიყვანეს იტალიის ათობით ქალაქში, მათ შორის მილანში, ტურინში, ნეაპოლში. შენობებს ამოწმებენ პოლიცია, მეხანძრეები და გამნაღმველები.
გავრცელებული ცნობით, წერილების გამგზავნელი პირი საკუთარ თავს უწოდებს "მიხაილ ანდროპოვს, მიზოგინისტანის ვილაიეთის ლიდერს". ის მკვლელობებით იმუქრება და აცხადებს, რომ სკოლაში ბომბი დაამონტაჟა. ავტორი ასევე წერს, რომ ბომბი ჩადო პრემიერ-მინისტრის მანქანაში.
გამომძიებლები ეჭვობენ, რომ წერილების უკან ერთი წყარო დგას - ისევე, როგორც აეროპორტებში ახლახან გავრცელებული, უსაფუძვლო მუქარების უკან. იმ შეტყობინებებიდან ბევრშიც ნათქვამი იყო, რომ მუქარის ავტორები გამოდიოდგნენ გარკვეული მიზოგინური, ანუ ქალთმოძულე ორგანიზაციის სახელით და აპირებდნენ სამაგიერო გადაეხადათ "ფემინისტური რეჟიმისთვის". ეჭვქვეშ მოექცა მოძრაობა სახელით "კაცების სახელმწიფო", რომელიც 2010-იან წლებში შექმნა რუსმა ბლოგერმა, ვლადისლავ პოზდნიაკოვმა და რომელიც რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. თუმცა ჟურნალისტების კითხვებს ანგარიშიდან, რომელსაც პოზდნიაკოვს უკავშირებენ, უპასუხეს, რომ ეს ეჭვები არასწორია და "კაცების სახელმწიფო" დიდი ხანია აღარ არსებობს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ შემოწმებებმა არ გამოავლინა რეალური საფრთხე.
"ამ მომენტისთვის ჩატარებულმა შემოწმებებმა არ გამოავლინა არაფერი, რაც რეალურ საფრთხეზე მიანიშნებდა. ეს შეტყობინებები უფრო ჰგავს ნაწილს სტრატეგიისა, რომლის მიზანია განგაშის და შფოთის დათესვა. ამჟამად მიმდინარებს მთელი საჭირო შემოწმება" - წერს მელონი.
ევროპის სახელმწიფოები ეჭვობენ, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნისა და კიბერთავდასხმების უკან რუსეთი და ირანი დგანან - იუწყება სააგენტო Reuters-ი. მოსკოვი ამგვარ კავშირს უარყოფს და დასავლეთს ცილისწამებაში სდებს ბრალს.
radiotavisupleba ახალი ამბები