იურისტი, პარლამენტის ყოფილი წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ტვ პირველის ეთერში გასული კადრების კვალდაკვალ, სადაც ჩანს, რომ პოლიცია განყოფილებაში დაკავებულ მოქალაქეებზე ძალადობს, შსს-მ 7 კითხვას უნდა გასცეს პასუხი.
“ნოდარ მელაძის სიუჟეტში გასულ სასტიკ დანაშაულზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვები, რაზეც შსს-მ პასუხი უნდა გასცეს, ნაცვლად პროპაგანდისტული განცხადებისა მედიის წინააღმდეგ.
1. რატომ დასჭირდათ სამი წელი პოლიციელების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის აღმოსაჩენად და პასუხისგებაში მისაცემად?
2. იმიტომ, რომ რამე პრობლემაა კანონში, ინსტიტუციურ მოწყობაში? რა ნაბიჯი გადადგეს სამომავლოდ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? (შეგახსენებთ, 2022 წელი სწორედ ის პერიოდია, როცა ოცნებამ მსგავსი დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნილი ინსპექტორის ინსტიტუტი გააუქმა)
3. რა დანაშაულისთვის არიან ეს პოლიციელები ბრალდებულები? რა კვალიფიკაცია მიეცა ჩადენილს? რამდენად ადეკვატურია წაყენებული ბრალი იმ სისასტიკისა, რაც ვნახეთ კადრებით?
3. თუ დანაშაული აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად ჩაიდინეს და შესაბამისად – დაზარალებულის განაჩენს დანაშაულებრივად მოპოვებული მტკიცებულება უდევს საფუძვლად, გადაიხედა/გადაიხედება მისი საქმე? მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია დაცვის მხარეს?
4. რატომ არ ჩაატარეს ამ საქმეზე ბრიფინგი და არ გააცნეს საზოგადოებას, რომ ასეთი ამბავი მოხდა და კანონი აღსრულდება სრული სიმკაცრით? (რამდენადაც ვიცი, ასეთი ბრიფინგი არ ყოფილა)
5. რა ზომები მიიღეს, ცალკე შსს-მ და ცალკე პოლიტიკურმა გუნდმა, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში უკეთესად აღკვეთონ ან უფრო სწრაფად გამოიძიონ? ხელისუფლებას რომ იჩემებს, იმათთვის – ხელისუფლების ვალდებულებაა არა მხოლოდ გამოძიება, არამედ ყველა ზომის გატარება სამომავლო პრევენციისთვის.
6. თუ სამი წელი ეს ამბავი ვერ გაიგეს, რამდენი ასეთი დანაშაულია კიდევ ჩადენილი, რაც მომავალში გამჟღავნდება? (ეს რიტორიკული კითხვაა)
7. ზემდგომებიდან ვისი პასუხისმგებლობა დადგა ან დადგება? გაქვთ პასუხები თუ “პრესცენტრს მივმართოთ”?!
ნოდარ მელაძემ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებულ პირებზე განყოფილებაში ჯგუფურად ძალადობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრების ავთენტურობას.
შსს-ს განცხადებით, კადრები ახალი არ არის. ფაქტი 2022 წელს მოხდა, თუმცა დანაშაული მხოლოდ 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა ანუ 4 წლის შემდეგ.
“საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გადაცემა, რომელშიც აღნიშნულ კადრებს უჩვენებენ, ტელევიზიით დღეს, 20 საათზე გავა, “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში”.

5 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·