იცით ლექსი, სადაც არც ერთი ზმნა არაა? საბედნიეროდ, ქართულ პოეზიაში ასეთი ლექსი არსებობს და მისი ავტორია ნოე ზომლეთელი.
საქართველო (მოზაიკური სურათი)
ბრინჯაო. კრამიტი. ვაზი და სურო.
შავი ქვა. ნახშირი. კუპრი და ნავთი.
მარხილი. ურემი. ცული და ურო.
ნავი და ბორანი. ტივი და კავთი.
მარნები. ქვევრები. ტიკი და ყანწი.
სირაჯი. კურტანი. ხდენი და საპალნე.
გოდორი. გიდელი. გვიმრა და ანწლი.
ჭილობი. ნაბადი და ქეჩა საფალნე.
ჩოხა და ქულაჯა. ქალმანი თასმით,
ახალოხ-წინდები. გაშლილი შალვარი.
ზამთარი მაძღარი, მრავალი ნასმით.
კეკლუცი მაისი. ზაფხული დამწვარი.
ფეტვი და ხორბალი. დიკა და შვრია.
სიმინდი. ლობიო ღომი და ჭვავი.
ვაშლი და კუნელი და ჭვავი ბია.
ყურძენი. მაყვალი. მოცვი და წყავი.
ქედები. კლდეები. სერები. მთები.
მტკვარი და რიონი. ალაზან-ენგური.
მინდვრები. ველები. ძროხები. ცხვრები.
ზურნა სალამური. დაფი და ჩანგური.
მთვარიან ღამეში შარაზე ურმული.
გუთნური გუთანზე, სიმღერა კალოზე.
გარუჯულ სახეზე კაეშნის ჯურღმული.
კაეშნით სიმღერა სევდიან კილოზე…
ორპირი ლაშქრული. ორპირი მაყრული.
ქორწილი სეფაში. გაშლილი ქეიფი.
სიცოცხლე ნატვრული. ცხოვრება მხატვრული.
სიმდიდრე ლალისა და თიხის სეიფი.
მეჯლისის სიუხვე, სიცხადის სირუხე.
ბროლის და ზურმუხტის იატაკ ბანები.
ფირუზის ჭერები. ბაზალტის სერები.
საპფიროს კოშკები. ლაჟვარდის გლდანები.
ტყეები. ჩირგვები. შამბი და ბალახი.
ფშანები. ყანები. მწვანები. მოლები.
სახლები, ძაღლები. ორღობე. ტალახი.
და გველებრ კლაკნილი მდინარის ზოლები…
მთიები. მთიები. მთიები. მთიები.
მინდვრები. მინდვრები. მინდვრები ულევი…
ბარდები, ვარდები. ასკილი. იები.
შავი ზღვა. მალთაყვა. ფოთი და ყულევი.