ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის “თანაშემწეს, რესპუბლიკის მეთაურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსსა და ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანს”, ადამ კადიროვს, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მედალი „საბრძოლო თანამეგობრობისთვის“ გადაეცა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მისმა მამამ რამზან კადიროვმა, Telegram-არხზე განაცხადა.
მისი ცნობით, ადამ კადიროვმა ჯილდო „ურთიერთქმედების მაღალი დონისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ-ჰაჯი კადიროვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ძალოვანი სტრუქტურების საერთაშორისო ღია ტაქტიკური სროლის ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში მიიღო.
მარტში ადამ კადიროვს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერასა და მასში შეტანილი წვლილისთვის მედალი უკვე გადაეცა. ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრის, ახმედ დუდაევის განცხადებით, ეს ჯილდო კადიროვის მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერაში შეტანილი წვლილის დამსახურებული აღიარებაა.
netgazeti