კალაძე მხარდაჭერას უცხადებს პოლიციელს, რომლის გამოც მზია ამაღლობელია დაკავებული

17 hours ago 2

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მხარდაჭერას უცხადებს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, რომლის გამოც მზია ამაღლობელია დაკავებული.

ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა და დაკავებისას მას აგინებდა და ემუქრებოდა.

„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“ – იძახდა ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის დაკავებისას.

კალაძის თქმით, ირაკლი დგებუაძე ღირსეულ პოლიციელია, რომელიც ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს.

„ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს. ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე.

სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგის და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ მის გუნდთან ერთად, ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს.

მადლობა ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს!“ – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ. საქალაქო სასამართლო გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას 13 იანვარს მიიღებს.

სრულად წაკითხვა