კალიფორნიაში კვლავ ძლიერ ქარსა და ხანძრების საფრთხის ზრდას ელოდებიან

17 hours ago 2

მეხანძრეები ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის დარჩენილ ნაწილთან ბრძოლას აგრძელებენ, პარალელურად კი სინოპტიკოსები ახალ რისკებზე მორიგ გაფრთხილებას ავრცელებენ. მათ მიერ 13 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, კალიფორნიის შტატში კვლავ ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც ისევ მოასწავებს "ხანძრების აფეთქების ზრდის" საშიშროებას.

რისკი განსაკუთრებით მაღალი სამშაბათს, 14 იანვარს იქნება, როცა ქარის სიჩქარე საათში სულ ცოტა, 80 კილომეტრი იქნება და შესაძლოა, 110-საც მიაღწიოს. ამ პროგნოზს შეერთებული შტატების ამინდის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ძლიერი ქარის გარდა, კალიფორნიაში ხანძრებს ხელს მშრალი ჰავაც უწყობს. ხანძრების ტერიტორიაზე 8 თვეზე მეტია, ნალექი არ უნახავთ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ დაწყებულმა ხანძარმა ლოს-ანჯელესში სულ ცოტა, 24 ადამიანი იმსხვერპლა, 12 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა და შტატს მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ხანძარი იმდენად ძლიერი და მასშტაბური იყო, რომ მეხანძრეებმა მისი ნაწილობრივი კონტროლი მხოლოდ ქარის ჩადგომის შემდეგ შეძლეს.

ახლა შტატში ხანძრის სამი ძლიერი კერა რჩება. პალისადის უბანში, სადაც 96 კვადრატული კილომეტრი მთლიანად გადაიწვა, მეხანძრეები გაჩენილი ცეცხლის მხოლოდ 13%-ის კონტროლს ახერხებენ. ევაკუაციის ახალი განკარგულება 100 000-ზე მეტ ადამიანს შეეხო.

კალიფორნიელ მეხანძრეებს ხანძართან ბრძოლაში ამერიკის 9 შტატი და ფედერალური მთავრობაც ეხმარება. ამ ეტაპზე სამუშაოებში ჩართულია 84 თვითმფრინავი და 14 000-ზე მეტი პერსონალი.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტელეკომპანია "ენ-ბი-სის" (NBC) უთხრა, რომ "ხარჯების, მასშტაბისა და მოცულობის მხრივ", ეს შესაძლოა ამერიკის ისტორიაში ყველაზე უარესი ბუნებრივი კატასტროფა იყოს. რამდენიმე დღის წინ ვარაუდობდნენ, რომ ზარალი $135 მილიარდს შეადგენდა, მაგრამ დღეისთვის მისი მოცულობა $150 მილიარდს აღწევს. კალიფორნიის ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დასახლებაა.

ლოს-ანჯელესის მალიბუს დასახლება. კალიფორნიის შტატი, აშშ. 9 იანვარი, 2025 წ.

ლოს-ანჯელესის მალიბუს დასახლება. კალიფორნიის შტატი, აშშ. 9 იანვარი, 2025 წ.
სრულად წაკითხვა