„კანონიერ ქურდებთან“ კავშირის ბრალდებით ცაგერის საკრებულოს დეპუტატია დაკავებული

2 weeks ago 43

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით პოლიციამ ცაგერის საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი დააკავა. ორი დღის წინ საქართველოში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების დროს მის გარდა კიდევ 28 ადამიანი დააკავეს.

„ხალხის ძალა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ სახელით მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო საქმიანობაზე, ის „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადავიდა.

„ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში“, - განცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ონისე ჩაკვეტაძემ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კოლეგის დაკავების მედიიდან გაიგო:

„კოლეგები ვართ, კარგი ბიჭია და ვმეგობრობთ. გაგვიკვირდა... ვაჟკაცი ბიჭია, ბა არ მგონია, რომ ეს ასე იყო. გამოძიება დაადგეს საბოლოო განაჩენს. მანამდე მიმდინარე პროცესია და ძალიან კარგად გესმით თქვენც ეს თემა. ბრალი წაყენებული აქვს, დამტკიცებული ხომ არ არის?!.“

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი” იყო.

„დგინდება რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, - კონკრეტულად რა როლი ჰქონდა ცაგერის საკრებულოს დეპუტატს ამ სქემაში, შსს-ს მაღალჩინოსანს ამის შესახებ არ უსაუბრია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა