კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”

1 hour ago 3

მილიონობით დოლარის უძრავი ქონება, ფუფუნების საგნები და ექსკლუზიური ავტოპარკი — რა უწერია “ქართული ოცნების” დეპუტატის, ყოფილი ბიზნესმენის გიორგი ბარვენაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში.

გამოქვეყნდა გიორგი ბარვენაშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დეპუტატი და მისი მეუღლე, მაია მაისაძე ფლობენ მრავალმილიონიან აქტივებს, რაც მოიცავს ათობით უძრავ ქონებას, ექსკლუზიურ ავტომობილებს, ძვირადღირებული საათების კოლექციას, კრიპტოვალუტასა და მსხვილ საბანკო დანაზოგებს.

უძრავი ქონება

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბარვენაშვილისა და მისი მეუღლის საკუთრებაშია მრავალი ბინა, საცხოვრებელი სახლი, კომერციული ფართი და მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონება ძირითადად განთავსებულია თბილისსა და მცხეთაში. აღსანიშნავია, რომ ქონების ნაწილი (მათ შორის, საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები თბილისსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში) დეპუტატმა 2024 წლის ბოლოს, მემკვიდრეობის გზით მიიღო. გიორგი ბარვენაშვილმა რამდენიმე უძრავი ქონება გაყიდა, საიდანაც შემოსავლის სახით ჯამში 1 372 200 აშშ დოლარი მიიღო (შესაბამისად 700 000, 665 000 და 7 200 აშშ დოლარიანი ტრანზაქციებით).

წარმოდგენილი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბარვენაშვილის ოჯახის სახელზე ჯამში 19 ერთეული უძრავი ქონებაა რეგისტრირებული.

დოკუმენტის მიხედვით, უძრავი ქონების ნაწილს დეპუტატი 100%-იანი წილით ფლობს, ხოლო ნაწილი (მაგალითად, ბინა, ზოგიერთი სახლი, მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხი) თანასაკუთრებაშია და ის შესაბამის პროცენტულ წილებს განკარგავს.

ავტოპარკი

პარლამენტარის ოჯახი გამორჩეულად ძვირადღირებულ ავტოპარკს ფლობს.

გიორგი ბარვენაშვილის საკუთრებაში არსებული ავტომობილებია:

  • Ferrari 296 GTB (შეძენილი 2025 წელს, 200 000 ევროდ)
  • Ferrari F8 Spider (შეძენილი 2025 წელს, 250 000 აშშ დოლარად)
  • Porsche 911 GT3 RS (შეძენილი 2024 წელს, 130 000 აშშ დოლარად).
  • Porsche 911 Sport Classic (შეძენილი 2025 წელს, 200 000 ევროდ).
  • AUDI SQ8 (შეძენილი 2025 წელს, 70 000 აშშ დოლარად) და სხვა.

მის მეუღლეს, მაია მაისაძეს, 2025 წელს შეძენილი აქვს შემდეგი ავტომობილები:

  • BENTLEY CONTINENTAL GT SPEED (270 000 ევროდ).
  • BENTLEY Bentayga azure (220 000 და დამატებით 242 000 ევროდ).
  • Porsche 911 Turbo 50 Years (237 000 ევროდ).

ასევე დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი ბარვენაშვილმა კომპანია „ჯი თი მოტორსისგან“ ავტომობილის შეძენისას საჩუქრად მიიღო 2 260 ლარის ღირებულების ბრენდირებული ქოლგა.

ფუფუნების საგნები და კრიპტოვალუტა

დეპუტატს დეკლარირებული აქვს მაჯის საათების ძვირადღირებული კოლექცია. ჩამონათვალში ვხვდებით ისეთ მოდელებს, როგორებიცაა: Audemars Piguet (110 000 აშშ დოლარი), Richard Mille (72 000 და 55 000 აშშ დოლარი), Patek Philippe (52 000 აშშ დოლარი), ასევე Bvlgari-სა და Rolex-ის საათები.

ამასთან, დოკუმენტში ასახულია დეპუტატის კრიპტო აქტივებიც. 2020 წელს მას შეძენილი აქვს 46 ერთეული Bitcoin (გადახდილია 501 400 აშშ დოლარი) და 100 ერთეული Etherium (გადახდილია 13 400 აშშ დოლარი)

საერთო ჯამში, გიორგი ბარვენაშვილის კრიპტოაქტივების მიმდინარე საბაზრო ღირებულება დღეისათვის დაახლოებით 3 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

საბანკო ანგარიშები, დანაზოგები და შემოსავალი

დეპუტატი სხვადასხვა ბანკის ანაბრებსა და მიმდინარე ანგარიშებზე ასობით ათას დოლარსა და ევროს ინახავს. ნაღდი ფულის სახით გიორგი ბარვენაშვილს დეკლარირებული აქვს 95 000 აშშ დოლარი, 123 000 ევრო და 45 560 ფუნტი სტერლინგი, ხოლო მის მეუღლეს — 52 500 აშშ დოლარი და 23 050 ევრო.

პარლამენტის წევრის პოზიციაზე ბარვენაშვილის შემოსავალმა 2025 წელს 113 885.92 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ის ფლობს წილებს არაერთ კომპანიაში (მათ შორის, შპს “ოდა”, შპს “ტექნოკლიმა”, შპს “პორტრეტ თბილისი” და სხვა), თუმცა წილები მართვის უფლებით სხვა პირებზე აქვს გადაცემული. საანგარიშო პერიოდში შპს „ოდადან“ მისმა მიღებულმა შემოსავალმა 47 353.24 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება გასავალს, 2025 წლის განმავლობაში დეპუტატს პოლიტიკური შემოწირულობის სახით 60 000 ლარი აქვს გადარიცხული “ქართული ოცნებისთვის”.

ამავე თემაზე

პარლამენტს ახალი დეპუტატი, ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი ჰყავს

სრულად წაკითხვა