ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა სამხრეთი კორეასთან ერთობლივი წვრთნებით და პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეთს ამ სწავლებების არსებითად შემცირება დაავალა.
17 აგვისტოს სამხრეთი კორეაში დაიწყო ამ ქვეყნის და აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედროთა ერთობლივი, 11-დღიანი სწავლება Ulchi Freedom Shield, რომლის მიზანია ჩრდილოეთი კორეის შეკავება.
წვრთნების დაწყების წინ პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ჩრდილოეთი კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობის“ გათვალისწინებით უკმაყოფილოა არა მხოლოდ იმით, რომ აშშ დიდი ხანია მონაწილეობს სამხრეთი კორეასთან ერთობლივ, ძვირადღირებულ წვრთნებში, რომელთა დიდ ხარჯს აშშ ფარავს, არამედ იმითაც, რომ ეს წვრთნები „სრულიად უადგილო და მტრული სიგნალია“ ქვეყნისთვის (ჩრდილოეთი კორეა), რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში საფრთხეს არ წარმოადგენდა და პატივისცემას იჩენდა.
ტრამპის თანახმად, ამჟამინდელი წვრთნების გაუქმება დაგვიანებულია, მაგრამ ომის მინისტრ პიტ ჰეგსეთს დაავალა სამხრეთი კორეასთან ერთობლივი სწავლებების არსებითად შემცირება.
ტრამპი უკმაყოფილოა იმის გამოც, რომ სეული არ შეუერთდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციას. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას სამხრეთი კორეის ხელისუფლებისგან რეაქცია ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
- ვაშინგტონი მრავალი წელია სეულის უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა.
- სამხრეთი კორეაში 28 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.
- ხშირად ტარდება ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლებსაც ჩრდილოეთი კორეა ყოველ ჯერზე გმობს და თავის ტერიტორიაზე შეჭრისთვის მზადებად აფასებს.
radiotavisupleba ახალი ამბები