კობა ხაბაზი 500 ლარით დააჯარიმეს 17 ნოემბერს ვარაზის ხევის გადაკეტვის საქმეზე

2 hours ago 1

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი კობა ხაბაზი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა გზის განზრახ გადაკეტვისთვის და 3 წლით შეუჩერა იარაღის ტარების უფლებაც.

მას ედავებოდნენ ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვარაზის ხევის გადაკეტვას.

“სულ რომ ორ ადამიანს გადაგვეკეტა გზა, მე მაქვს ლენინის ძეგლი ჩამოგდებული ბათუმსა და ქობულეთში, მაშინდელი სისხლის სამართლის კანონმდებლობით შეიძლება სამუდამო პატიმრობა მეკუთვნოდა. რა არის ამოსავალი ჩვენი მოქმედების ამაზე რატომ არავინ არ ძრავთ სიტყვას? იცით რაზე ტარდებოდა იქ აქცია და რას აპროტესტებდნენ აქციის მონაწილეები? კონსტიტუციის მესამე მუხლი: არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში.

… ასე მგონია, თქვენ რომ ყოფილიყავით იმ დროს, მე რომ ლენინის ძეგლი ჩამოვაგდე ან ასლანის დროს დროს პროკურატურაში ყოფილიყავით სამუდამოს მომისჯიდით. ჩემი სამშობლო არ მემეტება რუსეთისთვის, ეჭვი მაქვს რომ გადაწყვეტილება წინასწარ გაქვთ მიღებული, მაგრამ ჩემთვის გაცილებით ღირებული სამშობლო და თავისუფლებაა. რუსეთი რომ არ მინდოდა მაგიტომ ვუპირისპირდებოდი ასლან აბაშიძეს, რუსეთი რომ არ მინდოდა მაგიტომ ვიყავი უკრაინაში, საქართველო რომ მიყვარს იმიტომ არ მინდა რუსეთი, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, - თქვა კობა ხაბაზმა სასამართლო სხდომაზე.

ამ დრომდე გამოუძიებელია შემთხვევა, რომელიც 7 დეკემბერს საღამოს 10 საათისთვის მოხდა, როდესაც კოალიციის ოფისში შავებში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანი შეცვივდა და ფიზიკურად გაუსწორდა კობა ხაბაზს.

70 დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.

გზის გადაკეტვისთვის კი ჯარიმები 2024 წლის 30 დეკემბრიდან გაიზარდა. ამ ქმედებაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდა, ხოლო ორგანიზებისთვის - 5 000-ის ნაცვლად 15 000 ლარი.

სრულად წაკითხვა