მან გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს, ჰკითხა, როდის დაუწესებს ევროკავშირი სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს და რა უშლის ხელს ამ გადაწყვეტილების მიღებას.
ანგარიშის განხილვა და კითხვები ევროკომისარს
4 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში წარადგინა, საქართველოს საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა. ევროკომისარს კითხვები პოლონელმა და რუმინელმა ევროპარლამენტარებმა დაუსვეს.
ევროპის სახალხო პარტიის წევრმა კშიშტოფ ბრეიზამ გაიხსენა, რომ ევროპარლამენტმა არაერთხელ მოითხოვა სანქციების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
„ჩვენ ვიცით მათი სახელები: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მრავალი სხვა, მათ შორის მოსამართლეები, რომლებმაც ადამიანები პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით გაგზავნეს ციხეში“, - განაცხადა მან.
ევროპარლამენტარმა კოსს ჰკითხა, როდის იქნება სანქციების პაკეტი, რა აბრკოლებს მის მიღებას და რა კეთდება ამ დაბრკოლებების მოსახსნელად.
ბრეიზამ ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ევროპაში ვიზიტებზეც და მაგალითად ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ჩასვლა მოიყვანა.
„გუშინ კობახიძე ბრიუსელში იმყოფებოდა. შემდეგ ისინი ამ ვიზიტებს პროპაგანდისთვის იყენებენ. ევროპაში ხანმოკლე ვიზიტსაც კი პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ. ამით საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ჩვენს რეზოლუციებს, საქმიანობასა და კრიტიკას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დააწესებს თუ არა ევროკავშირი ამ პირებისთვის შესვლის ინდივიდუალურ აკრძალვებს?“ - იკითხა ევროპარლამენტარმა.
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში 3 ნოემბერს, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობდა. მასთან ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა მარია ტადეომ კითხვები დაუსვა საქართველოს შეჩერებული ევროინტეგრაციის, მიღებული კანონებისა და ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის შესახებ.
კობახიძემ ევროკომისიის ანგარიში პოლიტიზებულად შეაფასა და ევროკომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატები შესთავაზა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ სურს, თუმცა ბრიუსელისგან დამოკიდებულების შეცვლას ელოდება.
ევროპარლამენტარების კითხვებს მარტა კოსმა უპასუხა, რომ ევროკომისიას სანქციების დაწესების უფლებამოსილება არ აქვს და გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.
„გეთანხმებით, რომ ამ მიმართულებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვცადეთ, თუმცა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა თქვენ მიერ დასახელებული და მრავალი სხვა პირისთვის სანქციების დასაწესებლად“, - განაცხადა კოსმა.
სხდომაზე საქართველოს საკითხი წამოჭრა რუმინელმა ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰეშმაც, რომელიც ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფს წარმოადგენს.
მან ევროკომისიის ანგარიშიდან ის მონაკვეთები გაიხსენა, რომლებშიც საუბარია საქართველოს გარკვეულ პროგრესზე ევროკავშირის ბაზარზე კონკურენციისთვის მზადებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.
ტერჰეშის თქმით, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საქონლის გადაადგილებისთვის.
„როგორ უნდა გადავზიდოთ ტვირთები, თუ არ ვითანამშრომლებთ ამ ქვეყნებთან, რომლებიც გეოგრაფიულად იქ არიან, სადაც არიან, და რომლებთან მუშაობაც ასე თუ ისე გვიწევს?“ - იკითხა მან.
მარტა კოსმა უპასუხა, რომ, მიუხედავად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში უკუსვლისა, ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას ცდილობს და ქართველი წარმომადგენლები სხვადასხვა ღონისძიებაზე არაერთხელ მიიწვია, თუმცა მათგან დადებითი პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.
კოსმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისკენ გადადგმული თუნდაც მცირე ნაბიჯი ხელს შეუწყობდა ვითარების გაუმჯობესებას.
კოსი პარტიების შესაძლო აკრძალვაზე
2026 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, ევროკომისარმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე გაამახვილა.
„საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შეფერხებას დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მუდმივი ხელყოფით. კიდევ უფრო შეიზღუდა სამოქალაქო სივრცე. ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს“, - განაცხადა მარტა კოსმა.
მისი შეფასებით, ვინაიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, გაფართოების პოლიტიკა ამ ეტაპზე ვეღარ იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მთავარი ჩარჩო.
„ვითარების შეცვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა. თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, - განაცხადა ევროკომისარმა.
„ქართული ოცნების სარჩელი“
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობაა.
ურთიერთობები ბრიუსელთან
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად 2022 წლის მარტში წარადგინა. იმავე წლის ივნისში, ევროკავშირის სამიტზე, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ განესაზღვრა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანას 12 პრიორიტეტის შესრულება დაევალა, რომლებიც, ძირითადად, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას უკავშირდებოდა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად 2024 წლის ივნისში შეჩერდა. ამის მიზეზი გახდა ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღება და ხელისუფლების სხვა ნაბიჯები, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს. 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ევროპულ გზას და ფაქტობრივად აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
2024 წლის 28 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე უარს ამბობდა ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ხელისუფლებამ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა, ასობით ადამიანი დააკავა. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა დაგმეს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, არასათანადო მოპყრობა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა. ამას მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლებმაც კიდევ უფრო შეზღუდა სამოქალაქო სივრცე.
radiotavisupleba ახალი ამბები