WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში შეხვდა მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს.

„გავცვალეთ მოსაზრებები საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე“, - წერს კობახიძე X-ზე.

„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისადმი“, - განაცხადა მან.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მიულოცა და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

„ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

  • საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს ჩატარდა - პრემიერების შეხვედრამდე სამნახევარი თვით ადრე.
  • მას შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები, მაკა ბოჭორიშვილი და არარატ მირზოიანი, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.

მანამდე პრემიერი კობახიძე შეხვდა:

  • გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს;
  • ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსეს;
  • ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ იგნასიო კასისს;
  • თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანს;
  • ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგს - რა დროსაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა.