კობახიძე: პია კაუმამ “ლიბერალური ფაშიზმის” ეფექტი შეიგრძნო

1 day ago 1

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას “ლიბერალური ფაშიზმის” ეფექტის შედეგს უწოდებს. ასე გამოეხმაურა ის კაუმასადმი მოწოდებებს, რომ ახლა საქართველოში მისი ვიზიტი შეუფერებელი იყო.

“პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პია კაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, დაეხმაროს ქვეყანას და მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველთვის ასეთი იყო. ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, ხედავთ, როგორი იყო კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ, რაც აბსოლუტურად გამაოგნებელია.

ჩვენ თავის დროზე ქალბატონ პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი მაგალითად საქართველოში და რეალურად, თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი. ვფიქრობ, ქალბატონმა კაუმამ დაინახა ისიც, რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენა. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც ყველა უნდა ვებრძოლოთ და ეს მიმდინარეობა, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა კობახიძემ.

ტერმინ “ლიბერალურ ფაშიზმს” “ქართული ოცნების” ლიდერები და მათი პროპაგანდის გამავრცელებელი სხვადასხვა სუბიექტები ხშირად იყენებენ მათი კრიტიკოსების დასახასიათებლად. ამით ისინი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ორი აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის – ლიბერალიზმისა და ფაშიზმის ღირებულებები და მიდგომები ერთმანეთის მსგავსია. ალტერნატივად კი ჰომოფობიურ და ხშირად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემლახავ მოსაზრებებს წარმოადგენენ. “ქართული ოცნება” ამ ტერმინს ხშირად იყენებს პროევროპულად განწყობილი პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მისამართით, რომელიც მას აკრიტიკებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ 8-10 იანვარს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების შესახებ გუშინ განაცხადა. მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ვიზიტი გადადო იქამდე, სანამ ასამბლეის ჩართულობის ყველაზე ეფექტური დრო არ მოვა.

იქამდე მას ვიზიტის გაუქმებისკენ მოუწოდებდნენ როგორც ქართული ოპოზიციური პარტიები და მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები. მათ შორის, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი და ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი. მათი შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს “ქართული ოცნება” მათ ლეგიტიმაციად გაასაღებდა, რაც ქვეყანაში შექმნილ კრიზის კიდევ უფრო გაამწვავებს.

სრულად წაკითხვა