ერთ-ერთმა დაკავებულმა დემონსტრანტმა, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
რა ხდება პროცესზე
სხდომათა დარბაზი თავდაპირველად ცარიელი იყო და მხოლოდ ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ოჯახის წევრები დერეფანში იცდიდნენ და მათ ერთ საათზე მეტის განმავლობაში დასწრების უფლება არ ეძლეოდათ.
სხდომაზე ასევე არ ყოფილან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და საელჩოების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვეულებრივ დემონსტრაციებზე დაკავებულთა საქმეებს აკვირდებიან.
ბრალდებულები სხდომის გახსნამდე შემოიყვანეს. პროცესს არ ესწრება ორი ბრალდებული - რეზო კიკნაძე და რუსლან სივაკოვი.
11 ადამიანს, რომლებიც აქციებთან დაკავშირებით არიან დაკავებული, პროკურატურა ედავება „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას“. თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ისინი არიან:
- ანდრო ჭიჭინაძე,
- ონისე ცხადაძე,
- გურამ მირცხულავა
- ლუკა ჯაბუა
- ჯანო არჩაია
- რუსლან სივაკოვი
- რევაზ კიკნაძე
- გიორგი ტერაშვილი
- ვალერი თეთრაშვილი
- სერგეი კუხარჩუკი
- ირაკლი ქერაშვილი
დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, რომელიც უვადოდ გასული წლის დეკემბერში გამწესდა.
იგი განიხილავს დაკავებული დემონსტრანტების სხვა საქმეების დიდ ნაწილსაც.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ გაიცნო ბრალდებულები.
არც ერთი წარსულში ნასამართლევი არაა.
„ბრალს არ ვეთანხმებით“, - თქვა ყველამ ერთხმად.
შუამდგომლობები
პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნა მიიტანა და მოითხოვა, რომ მტკიცებულებად დაერთოს საქმეს.
ამ დასკვნაში პროკურატურა პოლიციელების დაზიანების შესახებ საუბრობს.
თუმცა პროკურატურა არ ასაბუთებს, ვინ დააზიანა 11 ბრალდებულიდან აღნიშნული პოლიციელები, თუმცა ამბობს, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.
დაცვის მხარე ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად დართვას.
„მაკულატურას ვაგროვებთ"?, - იკითხა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა.
ყველა ადვოკატის პოზიცია მსგავსია - ეს დასკვნა არ ეხება საქმესთან და არარელევანტურია, რადგან პროკურატურა ვერ ასაბუთებს, რომ პირებს, რომლებსაც ბრალდება დაზარალებულად მიიჩნევს, ზიანი დაკავებული 11-დან რომელიმემ მიაყენა და ამ ლოგიკით პროკურატურას შეუძლია, აქციაზე ნებისმიერ დაშავებულზე პასუხისმგებლობა დაკავებულებს აჰკიდოს.
პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა თქვა, რომ დღეს არ განიხილება მტკიცებულებების „შინაარსობრივი ნაწილი“.
მოსამართლემ თქვა, რომ შუამდგომლობის დაშვება-არდაშვებაზე მსჯელობა მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება, რადგან დღეს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი პროცესს არ ესწრება და პოზიციას ვერ აფიქსირებს.
თუმცა მან დღესვე დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა სხდომის გახსნის შესახებ, რის შემდეგაც 10-წუთიანი შესვენება გამოცხადდა, რასაც მოჰყვა ოჯახის წევრების დარბაზში შეშვება.
რამდენიმე კვირის წინ იმის გამო, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ამ 11 დემონსტრანტის სასამართლო სხდომა დახურა, ერთ-ერთი დაკავებულის, ირაკლი ქერაშვილის ემიგრანტმა დედამ, - რომელიც დროებით იყო ჩამოსული, - შვილის ნახვა ვერ მოახერხა. იგი სხდომაზე არ დაუშვეს.
პროკურორი ცალუღაშვილი სხდომის გახსნას არ ეთანხმებოდა.
პროცესი გრძელდება.
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომიდან სხვა მოსამართლის მიერ გაძევებული რევაზ კიკნაძის პროცესზე დაბრუნების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა.
მოსამართლემ თქვა, რომ სასამართლომ მას დასწრების ნებართვა მისცა, თუმცა „გლდანის ციხიდან მოვიდა რევაზ კიკნაძის წერილი, რომ მას არ სურს პროცესში მონაწილეობა“.
ანდრო ჭიჭინაძის სიტყვა
დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ანდრო ჭიჭინაძე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი და პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრა.
ჭიჭინაძის დაკავების შემდეგ, თეატრი საპროტესტო ტალღაშია ჩართული - ახლახანს გაათავისუფლეს მისი ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი.
„ჩვენს საქმეზე, ჩემი აზრით ხორციელდება ზემოქმედება და ზეწოლა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველას გვინდა სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ და ასეთ სახელმწიფოში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, - თქვა ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია:
„ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო საუბარი რაღაც ჰუმანურობაზე. არავის ჰუმანურობა არ მჭირდება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
„თუ ვინმეს შეუძლია პატიმარ ქალს ცილისწამებით შეეხოს და პატიმრების ოჯახებს ასე შეეხოს, ეს არის არაკაცობა. ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ რასაც ვამბობ და ვაკეთებ და ჰუმანურობა არ მჭირდება. სანამ რაღაცას დამაბრალებთ და ცდით უნდა იცოდეთ, ვისთან ცდით და ვისთან გეშლებათ“, - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
17 აპრილს ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ჭიჭინაძეზე ისაუბრა, ახსენა მისი ნათესაური კავშირი ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიასთან (ხოშტარია და ჭიჭინაძე დეიდაშვილები არიან) და თქვა:
„დედა, დეიდა, დეიდაშვილი, ეგეთი გარემოცვა რომ გყავს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შეიძლება თანაუგრძნო ამ ახალგაზრდას, ოჯახიდან აქვს ჩაბეჭდილი თავში, რომ შეიძლება გუშინ ითამაშო რუსულ ფილმში და ხვალ სხვა გამოაცხადო რუსად“.
„ჩემო ირაკლი, ის რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე, ჰკითხე მაგ საქციელს რა ჰქვია. პირისპირ თუ აღმოვჩნდებით შეძლებ ჩემთან იმავეს გამეორებას?! არა მგონია“, - ასე უპასუხა ანდრო ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძეს საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით.