კობახიძის თქმით, სკოლებში სწავლა 11 წელი უნდა იყოს ახლანდელი 12-ის ნაცვლად

3 hours ago 3

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი გუნდი გეგმავს, სკოლები 12-წლიანი სწავლების ნაცვლად 11-წლიან სწავლებაზე გადაიყვანოს.

„ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს საღამოს, 16 ოქტომბერს, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პროექტის წარდგენისას.

„ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო“, - განაცხადა მან.

ჯერჯერობით არ დაუსახელებია, როდისთვის შეიძლება ცვლილებების პროექტი მომზადდეს და როდიდან შეიცვალოს სწავლების ვადები.

  • 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა - „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობამ - მიიღო კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელმაც დაადგინა 12-წლიანი განათლება და ამ სისტემაზე გადასვლის ვადებიც განისაზღვრა;
  • 2008-09 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები გადავიდნენ 12-წლიან სწავლებაზე. მას შემდეგ სკოლებში სწავლა 12 წელი გრძელდება.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად „სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის“.

„რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება“, - განაცხადა მან.

კობახიძის მიერ წარდგენილი „საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი“ მოიცავს „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის ხედვით არსებულ შვიდ პრობლემასა და მათივე ხედვით არსებულ გადაჭრის გზებს.

სრულად წაკითხვა