კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ბრალი კიდევ ერთ ექიმს წარუდგინეს

1 month ago 7

საქართველოს პროკურატურამ პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.

საქმე ეხება ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი გარდაცვალების საქმეს. ჩარკვიანი კლინიკაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამამისმა გამოძიებას საქმის შესწავლა მოსთხოვა. გარდაცვლილის მამა წლებია  მედპერსონალის დასჯას ითხოვს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით პაციენტი შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.

პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურამ ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, ასევე ბრალდება წარდგენილი აქვს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს და სისხლის სამართლის საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – აცხადებენ პროკურატურაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სრულად წაკითხვა