კრემლმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მიერ ბირთვული რაკეტის საცდელმა გაშვებამ აჩვენებდა, რომ ევროპა თავის თავდაცვის სტრატეგიას რუსეთთან დაპირისპირების ირგვლივ აგებს, და აღნიშნული სტრატეგია შეაფასა, როგორც „ჩიხური“, - ავრცელებს რუსეთის შეფასებას Reuters-ის სააგენტო.
წინა დღეს, 6 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ბრეტანის სანაპიროსთან წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება შეაფასა, როგორც გზავნილი, „რომელიც ხამაღლა და მკაფიოდ გაიგზავნა ყველგან, სადაც კი ეს უნდა მიეღოთ“, რუსეთის პირდაპირი ხსენების გარეშე.
გაშვება განხორციელდა უკრაინაში ომის, ევროპული უსაფრთხოებისა და ბირთვული შეკავების გარშემო გამწვავებული დაძაბულობის ფონზე. რუსეთმა ახლახან კვლავ განაახლა გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი საკუთარი თავისა და კალინინგრადის ექსკლავის დასაცავად.
საცდელი გაშვების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთმა მიიღო საფრანგეთის გზავნილი და აღნიშნა, რომ ეს იყო მაგალითი იმისა, რომ ევროპა მილიტარიზაციითაა შეპყრობილი.
„ისინი თავიანთ იდენტობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირების საფუძველზე აგებენ. ეს ჩიხური გზაა. როგორც ისტორია გვიჩვენებს, მას არაფერი კარგისკენ მივყავართ,“ — განაცხადა მან.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ საბრძოლო მზადყოფნაში რჩება, თუმცა ღიაა დიალოგისთვის. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პრობლემა რაკეტების სადემონსტრაციო გაშვებებით კი არ უნდა წყდებოდეს, არამედ დიალოგის გზით,“ — თქვა მან.
radiotavisupleba ახალი ამბები