ორშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, 17 იანვარს რუსეთში მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შემდეგ ხელს მოაწერენ სტრატეგიული პარტნიორობის ყოვლისმომცველ პაქტს, რომელსაც დიდი ხანია ელიან.
"ორი ლიდერი მოსკოვსა და თეირანს შორის კავშირების შემდგომი გაფართოების ვარიანტებს განიხილავს, მათ შორისაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და ჰუმანიტარული სფეროები", - განაცხადა კრემლმა.
მოსკოვი განმარტავს, რომ პუტინი და პეზეშკიანი "რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე" ისაუბრებენ.
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ურთიერთობა გააღრმავა შეერთებული შტატების მიმართ მტრულად განწყობილ ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოქტომბერში თქვა, რომ მოსკოვი და თეირანი გეგმავდნენ ხელი მოეწერათ სტრატეგიული პარტნიორობის პაქტზე, რომელიც თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოიცავდა.
სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა თეირანს ბრალი დასდო, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, ახლო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს აწვდიდა და სანქციები დაუწესა გემებსა და კომპანიებს, რომლებიც მისი თქმით, ირანული იარაღის გადატანაში იყვნენ ჩართულნი. თეირანი მოსკოვისთვის რაკეტების მიწოდების ფაქტს უარყოფს.