რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „სუვერენული პოლიტიკის“ გატარება სურს, რაც დასავლეთში არ მოსწონთ.
2024 წლის შედეგების შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ „აშშ და ევროკავშირი ცდილობენ თბილისი დააყენონ ცრუ დილემის წინაშე: ჩვენთან, ამ ჩვენ წინააღმდეგ“, საქართველის ხელისუფლებას კი, როგორც ჩანს, სურს გაატაროს „სუვერენული“ პოლიტიკა, რომელიც „ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს“.
ლავროვის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იყოს „პაიკი მედასავლეთეების ხელში“, რომლებიც ქვეყანას უბიძგებენ „დესტაბილიზაციის, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ“. ლავროვს „ეჭვი არ ეპარება“, რომ „ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და წინ ივლის“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, საქართველოში განვითარებული მოვლენები „ორმაგი სტანდარტების“ გამოყენების შედეგია. ლავროვი მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარა, როგორც თავისფალი, მაგრამ შედეგების „გადათამაშება“ სურთ მხოლოდ იმიტომ, რომ „ხალხის არჩევანი არ მოეწონათ მეთოჯინეებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ მოსკოვი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი განწყობილია საქართველოსან ურთიერთობების „ნორმალიზაციით“ იმისდა მიხედვით, რამდენად არის ამისთვის მზად თბილისი.
საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ეტაპი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს.
აქციები გაძლიერდა და სამოქალაქო პროტესტის სახე მიიღო 28 ნოემბრიდან მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.