რუსული მხარე უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსების ვარიანტებს არ განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა კატარში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლავროვის თქმით, რუსეთისთვის ამჟამად არავის უკითხავს უკრაინაში სამშვიდობოების განლაგების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ბოლო შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალების განლაგება შესაძლებელია მხოლოდ კონფლიქტის ორივე მხარის თანხმობით.
ამასთან, ლავროვს არ უხსენებია, რომ ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დათანხმდება უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების ყოფნას.
ლავროვის სიტყვები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი კვლავაც დაჟინებით ითხოვს მისი კონტროლის ქვეშ უკრაინის ყველა იმ ტერიტორიის მოქცევას, რომლების ანექსიის შესახებაც გამოაცხადა რუსეთმა. 2014 წელს ანექსირებული ყირიმის გარდა ეს არის კიდევ ოთხი ოლქი, სადაც ამჟამად სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის. ლავროვმა თქვა, რომ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას (რომელშიც უკრაინის რამდენიმე რეგიონი ჩამოთვლილია როგორც რუსეთის ნაწილები). ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადება, შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლოს რუსეთის ბუნებრივი რესურსების განვითარებაში, ეხება რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებსაც.
ლავროვის სიტყვები გაისმა აშშ-ის წარმომადგენლების განცხადებების ფონზე, რომ უკვე უახლოეს მომავალში არის შესაძლებელი სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა ან, ყოველ შემთხვევაში, უკრაინაში დაზავება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი მოითხოვენ უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიას.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ 27 თებერვალს სტამბოლში გაიმართება რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რათა განიხილონ ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები. ლავროვის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ უკრაინის ომის თემა ამ შეხვედრაზე არ განიხილება.
გასულ კვირაში რიადში (საუდის არაბეთი) ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველად გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელშიც თავად ლავროვი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მონაწილეობდნენ.
საფრანგეთი, ბრიტანეთი და რიგი სხვა ქვეყნები განიხილავენ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ერიკ ლომბარდმა Bloomberg Television-ს განუცხადა, რომ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები მზად არიან გაგზავნონ ჯარები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ეთანხმება ამ იდეას. თუმცა, ევროპის ქვეყნები მოითხოვენ, რომ შეერთებულმა შტატებმა დახმარება გაუწიოს ასეთ მისიას. ტრამპს ჯერ არ გაუკეთებია საბოლოო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. WSJ ოთხშაბათს იტყობინებოდა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ვერ მიიღო გარანტიები, თუმცა არც უარი მიუღია.