წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ იკვლევს, ვინ დააზიანა გლდანის ფილიალში არსებული წიგნები, რომელთა შორი ერთ-ერთი ლაშა ბუღაძის „დამკვირვებელია“. მწერილსა და უფრო ადრე მკითხველის გავრცელებულ ინფორმაციას ვანდალიზმის შესახებ კომპანიამ განცხადებით უპასუხა.
„როცა ჩემი „დამკვირვებელი“ პოლიტიკური მოტივით არ შეაგზავნინეს გიორგი რომელაშვილს სინდისის პატიმარ ნანა სანდერთან, მე დავწერე, რომ შემდეგი ეტაპი იქნებოდა წიგნის მაღაზიები... ჩემს მდუმარე და ზოგადად საქართველოს გარუსების პროცესის სეირის მაყურებლის პოზიციიდან მაცქერალ თანამოქალაქეებსა და კოლეგებს კი ვაფრთხილებ, რომ ეს მარტო ჩემი და ჩემი წიგნის პრობლემა არაა და ცენზორი ყველა სიტყვას მიადგება ადრე თუ გვიან“, - დაწერა ლაშა ბუღაძემ „ფეისბუკში“ და აღნიშნა, რომ მსგავსი მაგალითები პუტინის რუსეთშია.
ბუღაძემ მისი წიგნების დაზიანების შესახებ „ბიბლუსის“ ერთ-ერთი მომხმარებელის, ლიკა ლაზიშვილის ფეიბუკპოსტიდან შეიტყო - ის მაღაზიაში „დამკვირვებლის“ შესაძენად იყო მისული:
„აღმოვჩნდი „ბიბლუსის“ ერთ-ერთ [გლდანის] ფილიალში, სადაც წავაწყდი საშინელ ფაქტს: კონსულტანტმა მაჩვენა სად იდო [„დამკვირვებელი“], ავიღე ერთ-ერთი. ზოგადად, წიგნებს არ ვამოწმებ, მაგრამ რატომღაც ინსტიქტურად გადავფურცლე და აღმოვაჩინე რომ პირველ გვერდზე ფალოსებია მიხატული კალმით.
დავიბენი და ისევ კონსულტანტს დავუძახე. უცებ, ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, კონსულტანტმა და მე ვნახეთ, რომ ლაშა ბუღაძის ყველა წიგნის პირველ გვერდს - ფალოსები აქვს მიხატული!“
ლაზიშვილს კონსულტანტმა ფოტოს გადაღების უფლება არ მისცა, თუმცა წიგნების დაზიანებას ადასტურებს „ბიბლუსი“ და ფაქტი ვანდალიზმად აქვს შეფასებული.
„ამ ეტაპზე ვარკვევთ მომხდარის გარემოებებს და ვამოწმებთ შესაბამის ინფორმაციას. დაზიანებული წიგნები, რა თქმა უნდა, ამოღებულია გაყიდვიდან“, - წერია მაღაზიის განცხადებაში, რომელშიც აღნიშნული არ არის, დაზიანებულია თუ არა რომელიმე სხვა ავტორის წიგნებიც.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები