ლიეტუვაში დასრულდა ამერიკული ჯავშანმანქანა M88-ის ამოღების ოპერაცია. ის 25 მარტს სამხედრო წვრთნების დროს პაბრადის პოლიგონზე ჩაიძირა ჭაობში. ოთხი გაუჩინარებული ამერიკელი სამხედროს ბედი უცნობია.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ განაცხადა, რომ გამოძიებას აწარმოებს ლიეტუვის სამხედრო პოლიცია ამერიკელ გამომძიებლებთან ერთად, მაგრამ ბოლო ექვსი დღის განმავლობაში პრიორიტეტი იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. „ჯერ არ მოიპოვება ინფორმაცია სამხედრო პერსონალის შესახებ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო შეთანხმება, რომ შეერთებული შტატები იქნება პირველი, ვინც გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას“, - დასძინა მან.
„ეს იყო აშშ-ის არმიის წვრთნა და სწორედ ოპერაციის მეთაური არის პასუხისმგებელი მანევრების დაგეგმვისა და განხორციელებული მოქმედებებისთვის. ყველა ინფორმაცია გადაეცემა გამომძიებლებს. (...) ინციდენტის მიზეზების გარჩევა შემდეგი ეტაპია, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მოგვეპოვება,“ ციტირებს დოვილე შაკალიენეს სიტყვებს ლიეტუვის ეროვნული ტელერადიოკომპანია (LRT).
ამასთან, ლიეტუვის ჭაობების აღდგენისა და დაცვის ფონდის ხელმძღვანელმა ნერიუს ზაბლეცკისმა განაცხადა, რომ ტორფის ჭაობი, რომელშიც ჯავშანმანქანა ჩაიძირა, სახელმწიფო რუკებზე არ იყო აღნიშნული.
პაბრადის პოლიგონი მდებარეობს ბელარუსთან ლიეტუვის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. დაკარგული ჯარისკაცები რუტინულ ტაქტიკურ მომზადებას გადიოდნენ.