ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საინიციატივო ჯგუფმა მარატ კამბოლოვი წარადგინა "პრეზიდენტობის" კანდიდატად.
ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი 23 ივნისს გადადგა თანამდებობიდან, ის იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მრჩევლად დანიშნა. და მის მოვალეობას "მთავრობის თავმჯდომარე" კამბოლოვი ასრულებდა.
"ჩემი ყველა ძალისხმევა მიმართული იქნება სამხრეთ ოსეთის განვითარებისკენ", - თქვა კამბოლოვმა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე.
ამ დროისთვის ის ერთადერთი დასახელებული კანდიდატია. როგორც ე.წ. სახელმწიფი საინფორმაციო სააგენტო რესი იუწყება, კამბოლოვის კანდიდატურას თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი.
"სახელმწიფო დრამატული თეატრის" შენობაში გამართული ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პირველი პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი და თქვა, რომ "საუბარია არა მორიგ საარჩევნო კამპანიაზე, არამედ სამხეთ ოსეთის რესპუბლიკის მომავალასა და გზაზე, მის ისტორიულ ბედსა და ჩვენი ხალხის ხვალიდელ დღეზე".
კამბოლოვის კანდიტატურას მხარი დაუჭირა მმართველმა პარტია "ნიხასმა". პარტიაში მიიჩნევენ, რომ კამბოლოვი ფლობს "რესპუბლიკის განვითარების აქტუალური საკითხების გადაჭრისთვის აუცილებელ გამოცდილებასა და კომპეტენციას".
მის კანდიდატურას მიემხრო ასევე ოპოზიციური პარტია "ერთიანი ოსეთიც".
ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ცხინვალში 2027 წელს იგეგმებოდა.
მანამდე მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა "მთავრობის მეთაურის" პოსტზე დაამტიცა.
"პრემიერის" ახალი კანდიდატურის წარდგენის აუცილებლობა დღის წესრიგში ოფიციალურად ძამბოლატ ტადტაევის გადადგომის შემდეგ დადგა.
გადაწყვეტილების ფონი
22 ივნისს, გაგლოევი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი "ფართო სპექტრის საკითხებზე თანამშრომლობისა და ორმხრივი დიალოგის გაფართოების პერსპექტივების განხილვა" იყო.
„9 მაისს მოსკოვში გამართული ბოლო საუბრის შემდეგ, ორმა პრეზიდენტმა განიხილა რუსეთ-სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და თანამშრომლობა ფართო სპექტრის საკითხებზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა თქვა, რომ მათ ასევე განიხილეს „ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის მაისში მოსკოვში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების გათვალისწინებით“.
მიმდინარე წლის 13 მაისს რუსეთის დუმამ მიიღო ვლადიმირ პუტინის მიერ 9 მაისს წარდგენილი კანონპროექტი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ. 9 მაისს მოსკოვში იმყოფებოდა ალან გაგლოევი, რომელმაც ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა „ხელშეკრულებას სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, რომელიც გულისხმობს „კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, ასევე ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას“.
ალან გაგლოევმა 9 მაისს პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი „კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებისკენ“ და „ეს ნაბიჯი ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი იქნება“.
კამბოლოვის ფიგურა
61 წლის მარატ კამბოლოვი გორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია.
კამბოლოვის კარიერა თითქმის მთლიანად უკავშირდება რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სამსახურს. „კურჩატოვის ინსტიტუტამდე“ მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში, ეროვნებათა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროში, ასევე მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
კამბოლოვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი ჩინი — პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი — აქვს მინიჭებული.
მარატ კამბოლოვი — 1987-1990 წლებში მუშაობდა საკავშირო ლენინური კომუნისტური ახალგაზრდული კავშირის (ВЛКСМ) არჩევით ორგანოებში; 1991-1994 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; 1994-1997 წლებში — რუსეთის ფედერაციის ეროვნებათა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროს განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1997-2003 წლებში — რუსეთის ფედერაციის ეროვნებათა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროსთან არსებული რუსეთის ხალხთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 2003-2004 წლებში — რუსეთის ფედერაციის მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველი; 2005 წლის ივნისიდან — მეცნიერებისა და ინოვაციების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე; 2010 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე — რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2021 წლის სექტემბრიდან 2025 წლის იანვრამდე — "კურჩატოვის ინსტიტუტის" დირექტორი. განათლება: 1988 წელს დაამთავრა გორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი; 1994 წელს — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული მართვის აკადემია; 1996 წელს — რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემია; 1998 წელს — მოსკოვის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი სპეციალობით „იურისპრუდენცია“; 2005 წელს — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სამსახურის აკადემია სპეციალობით „სახელმწიფო მართვა“. ჯილდოები: დაჯილდოებულია „მეგობრობის ორდენით“ (2012), ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ — IV ხარისხის (2014) და III ხარისხის (2018).
იმის თაობაზე, რომ კამბოლოვს კრემლი თავად გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებდა, რადიო თავისუფლება რამდენიმე კვირის წინ წერდა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·