6 ივლისს, ნატოს სამიტის წინა დღეს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ანკარის საპრეზიდენტო კომპლექსში ბრიფინგი გამართა. მან მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტსა და თურქების მასპინძლობით აღფრთოვანება გამოხატა და ბრიფინგის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ანკარის სამიტს მოკავშირეები ხვდებიან მკაფიო პროგრესით გასული წლის ჰააგის სამიტის დაპირებების შესრულების მხრივ:
"მათ [მოკავშირეებმა - რთ] დადეს დაპირება 2035 წლამდე თავდაცვაში ინვესტირების მშპ-ს 5%-მდე გაზრდაზე. და ახლა, სულ რაღაც ერთ წელიწადში, უკვე ვხედავთ ტრანსფორმაციულ პროგრესს.
აქ, ანკარაში, მოველი, რომ სახელმწიფოები წარმოადგენენ 5%-იანი მიზნის მიღწევის მკაფიო, კონკრეტულ და სარწმუნო გეგმებს. ამ დრომდე ნანახი მტკიცებულებები შთამბეჭდავია.
ათწლიანი პროექტის პირველსავე წელს ვხედავთ, რომ ევროპელი მოკავშირეები და კანადა თავდაცვასა და უსაფრთხოებაში უკვე დებენ თავიანთი მშპ-ს 4%-მდე".
გენერალურმა დააზუსტა, რომ ხარჯების ზრდა მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ თავდაცვაში ინვესტირებას, არამედ თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინვესტიციებსაც:
"გასულ წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თითქმის 20%-ით მეტი დახარჯეს საკუთრივ თავდაცვის სფეროში, ვიდრე ერთი წლის წინ. 2025 და 2026 წლები ერთობლივად რომ განვიხილოთ, ლაპარაკია 258 მილიარდი დოლარით მეტ ინვესტიციაზე. ტენდენცია გრძელდება".
მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების მიერ "არასაკმარისად ხარჯვის" წლების შემდეგ, იქმნება რეალური შესაძლებლობები და რომ ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის მიზანია აშშ-ის ხარჯებს გაუთანაბრონ თავიანთი თავდაცვითი ხარჯები:
"ისინი სულ უფრო მეტად იღებენ ხელმძღვანელ ფუნქციებს ნატოს სამეთაურო და მაკონტროლებელ სტრუქტურებში. აძლიერებენ კონვენციურ თავდაცვას - ძალისხმევას შეკავებისა და თავდაცვის განსამტკიცებლად, მათ შორის - მთელი აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ, ბალტიის რეგიონსა და არქტიკაში. ისინი ხელმძღვანელობენ უკრაინის მხარდაჭერას".
მარკ რიუტეს მიაჩნია, რომ ეს დინამიკა "არის აზროვნების რეალური ცვლილების მტკიცებულება. უფრო ძლიერი ევროპა უფრო ძლიერ ნატოში".
რიუტე განმარტავს, რომ მოკავშირეების ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობები უნდა აისახოს მათ თავდაცვით შესაძლებლობებზე:
"ინვესტიციები არის. ახლა საჭიროა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ეკონომიკური ძლიერება სამხედრო შესაძლებლობებში ითარგმნოს. ფული უნდა ჩაიდოს საქმეში. თავდაცვითი გეგმებიდან საჭიროა გადავიდეთ დრონებზე, ფულიდან გადავიდეთ რაკეტებსა და გადამტაცებზე".
7 ივლისს დაგეგმილია "ნატოს თავდაცვის მრეწველობის ფორუმი":
"გამოვაცხადებთ ათობით მილიარდი დოლარის ახალ კონტრაქტებს, რაც მოგვცემს უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობებს შეკავებისა და თავდაცვისთვის.
და როცა ჩვენი მრეწველობა, არკანზასიდან ანკარამდე გააერთიანებს ძალებს და გაზრდის მიწოდებას, შედეგი მხოლოდ გაუმჯობესებული უსაფრთხოება არ იქნება. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკების ზრდას, გაავრცელებს ინოვაციებს და შექმნის ასობით ათას სამუშაო ადგილს ატლანტიკის ორივე მხარეს".
მარკ რიუტეს სიტყვებით, ალიანსი ინვესტიციას დებს საკუთარ უსაფრთხოებაში და "იმის უზრუნველსაყოფად, რომ გვქონდეს, რაც დღეს და ხვალ გვჭირდება ჩვენი საზოგადოებების დასაცავად, ვინაიდან საფრთხეები რეალურია - მათ შორის, რუსეთიდან, რომელიც განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ ომს".
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე და ხაზი გაუსვა უკრაინისთვის დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას:
"ახლა უკრაინა ცვლის დინამიკას ბრძოლის ველზე, მათი შეიარაღებული ძალების სიმამაცის, ერთგულებისა და გამომგონებლობის წყალობით. თუმცა, მათ სჭირდებათ ჩვენი განგრძობადი მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით. რუსეთი განაგრძობს დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, მორიგი საშინელი თავდასხმა წუხელ განახორციელა.
...ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, საჭიროა ყველა მოკავშირემ შეიტანოს წვლილი უკრაინის მხარდაჭერის უწყვეტობაში, ვინაიდან უკრაინის უსაფრთხოება ძალიან მჭიდროდ უკავშირდება ჩვენსას.
...განვაგრძობთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინისთვის, რითაც შევახსენებთ პრეზიდენტ პუტინს, რომ მტკიცედ მივდევთ ჩვენს დაპირებებს".
7 ივლისს მედიისთვის მოკლე განცხადებებს გააკეთებენ ნატოს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი. სამშაბათსვე გაიმართება ნატო-უკრაინის საბჭო, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
"ერთად ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიო ეკონომიკის თითქმის ორ მესამედს და ჩვენ ვერთიანდებით, რადგან ვიცით - თანამშრომლობა გადამწყვეტია. ერთად უფრო ძლიერები ვართ - ნატოში, პარტნიორებთან ერთად, რომ უზრუნველვყოთ თავისუფლება და უსაფრთხოება, რაც ასე ძვირფასია ყველა ჩვენგანისთვის", - განაცხადა სამიტამდელ ბრიფინგზე მარკ რიუტემ.
ნატოს სამიტი - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების დონეზე გაიმართება 8 ივლისს.
ნატოს ანკარის სამიტის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხებია უკრაინისთვის დახმარების გაზრდა და ევროპელი მოკავშირეების თავდაცვის გაძლიერება, თავდაცვით ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციების ჩადების გზით. სამიტამდე, ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის ქვეყნების არაერთ დედაქალაქს ეწვია და ლიდერებთან შეხვედრები გამართა, მათ შორის - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც კვლავაც კრიტიკულია ალიანსის თავდაცვითი ხარჯების განაწილების გამო და მიაჩნია, რომ ის კვლავაც უსამართლოა. გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.

3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·