მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის „ყოვლისმომცველი რეორგანიზაციის გეგმა“ გამოაცხადა
„არსებული ფორმით სახელმწიფო დეპარტამენტი არის გაბერილი, ბიუროკრატიული და უუნარო განახორციელოს არსებითი დიპლომატიური მისია დიდი ძალების კონკურენციის ამ ახალ ეპოქაში“ - ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც 22 აპრილს გამოქვეყნდა.
რუბიოს სიტყვებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტის მზარდი ხარჯები გაუმართლებელი იყო და „გადასახადების გადამხდელები მოწმენი არიან ნაკლებად ეფექტიანი და ქმედითი დიპლომატიის“.
სახელმწიფო მდივანი ფიქრობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დღეს არსებული სისტემა „უფრო მეტად ვალშია რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიის წინაშე, ვიდრე ემსახურება ამერიკის ძირითად ეროვნულ ინტერესებს“.
„ამიტომაც ვაცხადებ დღეს ყოვლისმომცველი რეორგანიზაციის გეგმას, რომელიც დეპარტამენტს 21-ე საუკუნეში შეიყვანს. ეს მიდგომა გააძლიერებს დეპარტამენტს ძირიდან, ბიუროებიდან საელჩოებამდე. რეგიონების მიხედვით განსაზღვრული ფუნქციები განმტკიცდება მათი ქმედუნარიანობის გაზრდით, გაუქმდება არასაჭირო ოფისები. აღარ იარსებებს პროგრამები, რომლებიც არ არის მოთხოვნილი კანონმდებლობით და ამერიკის ძირითადი ეროვნული ინტერესების შეუსაბამოა“.
მარკო რუბიო აცახდებს, რომ ის, როგორც დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივანი, დარწმუნებულია, რომ „რეფორმირებული სახელმწიფო დეპარტამენტი უპასუხებს დროის მოთხოვნებს“ და ხელს შეუწყობს აშშ-ს „კვლავ დიადად იქცეს“.
განცხადებას ახლავს სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაციის „ახალი ორგანიგრამა“ და მითითებულია, რომ დეპარტამენტი ცვლილებებს განახორციელებს „მეთოდურად“ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.