უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი. განცხადება მან X-ზე, 1 მარტს გამოაქვეყნა.
“ფინეთი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის თავიანთ ბრძოლაში. თქვენ მარტო არასოდეს ხართ”, - წერს ანტი ჰაკანენი.
27 თებერვალს, ფინეთმა გამოაცხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის ახალი პაკეტის შესახებ - 660 მილიონი ევროს მოცულობით. ადგილობრივი მედია თავდაცვის მინისტრის განმარტებებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ თანხით ფინური კომპანიები უკრაინისთვის აწარმოებენ თავდაცვით სამხედრო აღჭურვილობას.
ანტი ჰაკანენის განცხადებით, თუკი დღემდე უკრაინას ფინეთი საცავებიდან ამარაგებდა, ახლი პროექტით, უკრაინის დახმარებასთან ერთად, გაძლიერდება და განვითარდება ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიაც.
უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას აქტიურად გამოხატავენ დასავლელი ლიდერები, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტი უკვე ჩავიდა ლონდონში, სადაც კვირას ევროპელი ლიდერების სამიტი იგეგმება.
28 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ომის შეწყვეტის თემაზე. პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთთან ომის დამთავრება სამშვიდობო გარანტიების გარეშე არ წარმოუდგენია. აშშ მას სამშვიდობო გარანტიებს არ აძლევს.
შელაპარაკების დროს, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ - ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
ოვალურ კაბინეტში, ტრამპისა და ზელენსკის შელაპარაკების შემდეგ გაუქმდა ერთობლივი პრესკონფერენცია და ხელმოუწერელი დარჩა წინასწარ მომზადებული შეთანხმება - უკრაინული სასარგებლო წიაღისეულისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.
Fox News-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის ნათქვამ სიტყვებს, რომ მას თეთრი სახლი უნდა დაეტოვებინა.