მილიარდერმა ამერიკელმა ბიზნესმენმა, SpaceX-ის და Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს გამოურთავს თანამგზავრული ინტერტნეტის, Starlink-ის მომსახურებას.
მასკმა 9 მარტს, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად არ ეთანხმება უკრაინის პოლიტიკას, Starlink-ი თავის ტერმინალებს არასდროს გაუთიშავს. ილონ მასკის განცხადებით, Starlink-ის გარეშე უკრაინის ხაზები (თავდაცვის) ჩამოიშლება, რადგან რუსებს ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის ჩახშობა შეუძლიათ. მასკის თანახმად, ამას არასდროს არ გააკეთებენ და ვაჭრობის საგნად არ გამოიყენებენ.
ილონ მასკის ამ განცხადებამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ უკრაინაში Starlink-ის ალტერნატივის მოძებნის შესაძლებლობა დაუშვა. ამას წინ უძღოდა ამერიკელი მილიარდერის კომენტარი, რომ Starlink-ი „უკრაინის არმიის ხერხემალია“ და თუ მას გამოურთავს, ფრონტის მთელი ხაზი ჩამოიშლება.
პოლონელი მინისტრის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გამორთვით და ეს გამოგონილი ამბავია. რუბიოს განცხადებით, მადლობაა სათქმელი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინას ომი დიდი ხნის წაგებული ექნებოდა და რუსები პოლონეთის საზღვართან იქნებოდნენ.
თანამგზავრულ ინტერნეტს, Starlink-ს ილონ მასკის აეროკოსმოსური კომპანია SpaceX-ის შვილობილი კომპანია მართავს.
მასკს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, უკრაინისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა ილონ მასკს დაავალა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.