10 სექტემბერს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მახაჩყალის პორტის რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის ფაქტი და ხანძარი დაადასტურა.
- კასპიის ზღვაზე მდებარე მახაჩყალის საზღვაო სავაჭრო პორტს საერთაშორისო პორტის სტატუსი აქვს, ნავთობის, ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებას ემსახურება და სარკინიგზო და საავტომობილო-საბორნე ტერმინალებს მოიცავს.
- მახაჩყალის პორტი კასპიის ზღვაზე რუსეთის ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტია, რომელიც ზამთარში არ იყინება და შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. პორტთან მდებარეობს ნავთობის ბაზა.
მახაჩყალის პორტში აფეთქებების შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელებში დაწერა არაერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა. გავრცელდა ვიდეოკადრებიც.
პორტზე შეტევის შესახებ დაწერეს მონიტორინგის უკრაინულმა არხებმაც (Exilenova+, Supernova+) და დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ ASTRA, რომელმაც კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ სამიზნე პორტი იყო.
პორტი და თეატრი
10 სექტემბერს დილით დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, ფიოდორ შჩუკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვამ „მოიგერია მტრის უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა” და „ყველა საჰაერო სამიზნე განადგურებულია”, თუმცა მათი „ფრაგმენტების ჩამოცვენამ” ხანძრები გამოიწვია საპორტო ინფრასტრუქტურასა და მუსიკალურ-დრამატულ თეატრში. შჩუკინის თანახმად, მსხვერპლი არ არის.
მახაჩყალის თეატრის დირექტორ მაჰომედ ბისავალიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, არა ფრაგმენტები, არამედ „უპილოტო აპარატი მოხვდა შენობის სახურავს” და აფეთქების ტალღამ ფანჯრები ჩაამსხვრია.
უკრაინას მახაჩყალის სავაჭრო პორტზე შეტევის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
რუსეთის პორტები უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამიზნეა. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს უწოდებს ომის გადატანას იქ, საიდანაც ეს ომი მოვიდა.
radiotavisupleba ახალი ამბები