მდინარაძე „ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ფარგლებში სასჯელად „სავალდებულო მკურნალობას“ აანონსებს

3 hours ago 1

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნარკოპოლიტის რეფორმის“ ფარგლებში, პარტიას შემოაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ნარკოდანაშაულზე სასჯელის სახით „სავალდებულო მკურნალობა“ შემოიტანოს.

„გარდა იმისა, რაც დაანონსებული იყო, შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოვიდეს სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 17 მარტს პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ და დასძინა:

„ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში, - სისხლისსამართლებრივი სასჯელის კატეგორია“.

მდინარაძის თქმით, დღევანდელი „ხანგრძლივი [უმრავლესობის] სხდომის 80% დაეთმო ამ საკითხს“.

მდინარაძემ დააზუსტა, რომ იძულებითი მკურნალობა არ შეეხება ადმინისტრაციული სახდელებს და „ეს იქნება სისხლისსამართლებრივად გაწერილი სასჯელი“.

მისი თქმითვე, ის შემთხვევები, როცა „იძულებითი მკურნალობა“ სასჯელად განისაზღვრება, გადაწყდება მოსამართლის მიერ: „შესაძლებელია ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს [საქმის] მასალებთან ერთად ნარკოლოგის, ექსპერტიზის დასკვნა და მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის ზრუნვის თვალსაზრისით“.

„ქართული ოცნება“, რომელიც წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ამაყობდა „ნაციონალების დროინდელი“ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებით, ახლა „ანტინარკოტიკულ რეფორმას“ იწყებს, - ამკაცრებს კანონს, რითაც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს მკაცრად დასჯის.

სრულად წაკითხვა