მდინარაძის თქმით, მაუწყებლობის კანონი არა ყველა ონლაინმედიას, არამედ მაუწყებლების პლატფორმებს შეეხება

2 hours ago 1

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მაუწყებლებისთვის დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება ზოგადად ონლაინმედიაზე და შეეხება მხოლოდ მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებს. მანამდე მისი თანაგუნდელმა არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ შეზღუდვები ონლაინმედიასაც შეეხებოდა.

„უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე დამატებით იქნა მიღებული გადაწვეტილება, ... რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

„დღეს აქტუალური იყო საკითხი, გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად... არა, ონლაინ მედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე მდინარაძის თანაგუნდელმა, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა:

„პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას იყო გუნდის შეთანხმება, რომ ონლაინ მედიაზეც გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული“.

მანვე განაცხადა, რომ „იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო რეგულაციები უნდა არსებობდეს“.

არჩილ გორდულაძემ დააზუსტა, რომ „აქ ის ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა“.

კიდევ უფრო ადრე სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივა „ქართული ოცნების“ განაყოფმა, ხალხის ძალამ“ 4 მარტს წამოაყენა.

„დღეს ტელევიზიასთან, რადიოსთან შედარებით, საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა.

იმ დღეს, 4 მარტს, სადავო პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტით, სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები.

სრულად წაკითხვა