"ქართული ოცნების" პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნას, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებებს შეისწავლის, დისკუსია გააქტიურა ომის დაწყების მიზეზებსა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე.
არაერთმა მოქმედმა თუ ყოფილმა სამხედრომ და პოლიციელმა, აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებმა საჯაროდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნეულ პოსტებს ამ სტატიაში უცვლელად გთავაზობთ.
აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახების გამოხმაურება
2008 წლის ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე:
„ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ახალგაზრდა სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელსაც განვითარებისთვის მუდმივი შრომა, სწავლა, გამოცდილების შეძენა სჭირდება, როგორი გაუგებარიც არ უნდა იყოს გამუდმებით მიმდინარეობს დაპირისპირება და გარჩევა თემის, თუ ვინაა მტერი. ამ დაპირისპირებებში მტერი იკარგება, სამაგიეროდ ჩნდება მტრობა, თანამოქალაქეებს შორის მტრობა. ეს უნდა მტერსაც. ჩვენ მის სურვილს ვასრულებთ, ნაწილი შეუგნებლად, ნაწილი შეგნებულად, ზოგიც მდუმარებით.
საქართველოს ბევრი მტერი ჰყავდა საუკუნეების მანძილზე. ასეთი იყო მსოფლიო ათასწლეულები - მტრული. ჩვენს საუკუნეში კი ღიად, საომარი მოქმედებებით, თუ ხელოვნურად შექმნილი შიდა დაპირისპირებებით, პროვოკაციებით, საქართველოს მტერი არის რუსეთი და მისი პოლიტიკა.
ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, საკუთარ მოსაზრებას იტყვის თუ გაიფიქრებს, მათ მინდა ვუთხრა, პატივისცემით, გულწრფელად - ყოველი კამათისას, რომელიც 2008 წელს ეხება, ყოველი გამონათქვამისას, რომელიც გიორგის ეძღვნება, მე არ ვარ მხოლოდ მეუღლე, დედა, ოჯახის წევრი... ჩემგან ადამიანები კითხვებით, ზოგჯერ უკითხავად, ელოდებიან პოზიციას, აზრს... ხშირად ეს დამატებით პასუხისმგებლობას მძენს, კიდევ მეტს, ვიდრე მაქვს მიზეზთა გამო...
ბევრჯერ მითქვამს და რამდენჯერაც საჭირო იქნება სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე - ომი რუსეთმა დაიწყო!!! რუსეთი სხვა წლებშიც გვეომებოდა!!! მტერი რუსეთია, რომელიც ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს!!!
ყველა კამათი, რაც ჩვენ შორის ჩაღდება ომის თემაზე, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. საშუალებას აძლევს მათ კვლავ მოგვაყენონ შეურაცხყოფა თავიანთი განცხადებებით. დაგვადანაშაულონ, საკუთარი ბრალი შემოგვიტრიალონ, ბოდიშები მოითხოვონ... საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა შესაძლოა წარმოშვას ჩვენი გმირების თავდადებისადმი გარკვეული კითხვის ნიშნების საფრთხე. ვის უნდა ეს? ვის სჭირდება?
ჩემი, როგორც მოქალაქის შეხედულება ასეთია:
სამხედრო თემებზე, გარკვეულ შეცდომებზე, დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, სამხედროები და კომპეტენტური პირები. შიდა პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესის საკითხებს გამიჯნავენ ხოლმე პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებებში. ჩვენნაირი მძიმე ხვედრის მქონე ქვეყანაში თანამემამულეები მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე გამოცდილებას იღებენ და საქმით ასწორებენ ერთმანეთის მხარდამხარ.
ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა ქართველ სამხედროებს!
ჩემი სიყვარული მათაც, სახელმწიფოსაც და მთელ იმ საზოგადოებასაც, რომლისთვისაც გადახედვას, შეფასებას არ ექვემდებარება საკითხი, რომ ომი რუსეთმა და სეპარატისტებმა დაიწყეს, ჩემი ქვეყანა თავს იცავდა თავის მიწაზე!
ისედაც ცხადი ეს ამბავი კი გამოიძია და საფუძვლიანი დასკვნით გაამყარა მსოფლიოს კომპეტენტურმა, სამხედრო გამოცდილების მქონე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობითმა სპეციალურმა ორგანომ - ჰააგის ტრიბუნალმა!
მადლობა ყველას, ვისთვისაც ფასეულია ჩვენი გმირების ღვაწლი, ხოლო მათი ოჯახების ტკივილი გაზიარებული. ჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ რუსეთი და მის მიერ წახალისებული სეპარატისტები ჩვენს მიწაზე. ვემსახურები საქართველოს!“
2008 წლის ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე:
„მე აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე ვარ…
ჩემი ოჯახი სამაჩაბლოდან დევნილია...
2008 წლის აგვისტოში ცხოვრება თავზე ჩამომენგრა, 24 წლის ქალი 2 მცირეწლოვანი შვილით მარტო დავრჩი და არ ვიცი ცხოვრების გაგრძელება როგორ მოვახერხე… ამ ქვეყანას შევწირე ყველაზე ძვირფასი ჩემთვის - მეუღლე, შვილები დამიობლდნენ, ოჯახი საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ვიქეცით… რაც მთელი ცხოვრება უშრომიათ ჩემ მოხუც ბებია-პაპას, 1 დღეში ნაცრად ექცათ…
რუსეთი მტერია!!! და მტერია ყველა, ვინც მისი ეგოს მოსაფხანად დღევანდელ მასკარადს მართავს… ეს, რაც ამ დღეებში ხდება ბოროტებაა ქვეყნის, ერისა და ჩვენი გმირი ვაჟკაცების წინაშე…შეურაცხყოფაა ყველა ცოცხალი თუ გარდაცვლილი მებრძოლისა და მათი ოჯახების…
გული მიკვდება… 17 წლის მანძილზე უკვე რამდენჯერ დაგვჭირდა ჩვენი გმირების მიმართ ნასროლი ტალახის ჩამორეცხვა…
ხალხო, რა გვჭირს??? რა დაგვემართა?? რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს?? ნუთუ აღარ ღირს ამ ქვეყნის დასაცავად ბრძოლა?? იქნებ ვიფიქროთ იმაზეც, თუ რას განიცდიან ვეტერანები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები ამ მოვლენების ყურებისას?? ვიღას მოუნდება ამის მერე ქვეყნისთვის ბრძოლა?? თავის შეწირვა?? წარმოგიდგენიათ რა ხდება ჩვენი ცოცხალი მებრძოლების გულებში ახლა?? ვინც საკუთარი მკერდით იცავდა ქვეყნის ინტერესებს 2008-ში???
ბოდიში!!! მხოლოდ ბოდიშის მოხდა მინდება ამ უსუსური მდგომარეობიდან… ბოდიში, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩავაგდეთ თითოეულმა ჩვენგანმა…
რუსეთი მტერია და ოკუპანტია!!! რუსეთის ინტერესების გამტარებლები საქართველოში კი, დამნაშავეები არიან!!!
სოლიდარობა, ამ მძიმე დღეებში 2008 წლის აგვისტოს გმირების ოჯახებს… ასევე ცოცხალ მებრძოლებს, ცოცხალ გმირებს და მათ ოჯახებსაც… რა სამწუხაროა“
მოქმედი და ყოფილი სამხედროების გამოხმაურება
ჯონი ბაძაღუა, ჯარისკაცი
„2008 წელს, საქართველო უმაღლესი მთავარსადრდლიდან (პრეზიდენტი) დაწყებული რიგითის ჩათვლით მომხვდურს, როგორც ყოველთვის, ღირსეულად დაუხვდა, მთელმა არმიამ იბრძოლა მამაცურად და შესაძლებლობის მასქიმუმზე - არ მოვაწერეთ კაპიტულაციას ხელი და დედაქალაქის თავზე არ აფრიალდა ღრუსული დროშა. ახლა კი რასაც ვუყურებთ ეს არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი!
მე, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგითი ჯარისკაცი, ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე და 2008 წლის ომში მონაწილის შვილი, არასოდეს სანამ პირში სული მიდგას არ მოვიხდი ბოდიშის მტრის წინაშე.
დიდება ჩვენ გმირებს მიწაში და მიწის ზემოთ. დიდება საქართველოს თავისუფლებას".
ლუხუმი ჭალისული, შსს-ის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი
„მე ლუხუმი ჭალისური, ვარ შსს-ის თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი, 2008 წლის ომის ვეტერანი, იმ ომის, რომელიც რუსეთმა დაიწყო და დამნაშავეც მხოლოდ ის არის! მე არცერთი წამით არ დამიზოგავს თავი ჩემი სამშობლოსთვის და ყოველთვის ურყევად ვიცავდი და დავიცავ ჩემს ქვეყანას, რადგან ამ ქვეყნის, ჩემი და თქვენი შვილებისთვის ფიცი მაქვს დადებული და მას არასოდეს გადავალ. ამ ომის საქართველოსთვის დაბრალება და ისტორიის გადაწერის მცდელობა კი, როგორც ამ ქვეყნის, ისე მისთვის მებრძოლი თითოეული ადამიანის შეურაცხყოფაა, სამხედროების შეურაცხყოფა კი, უპატიებელი ქმედება.
მე ვამბობ და კიდევ მრავალგზის გავიმეორებ, რომ 2008 წლის ომის პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ რუსეთს, ეს ქვეყანა კი, ჩვენი დასაცავია და ვერც გარე და ვერც შიდა მტერი ვერ შეძლებს გაიმარჯვოს სიმართლეზე მანამ, სანამ ჩვენ ერთად ვიდგებით.
მოღალატეები არ უნდა ასამართლებდნენ ქვეყნისთვის თავდადებულ გენერლებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს სამშობლოს დასაცავად და ეს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რადგან არცერთი წამით არ დაგვიხევია უკან და მუდმივად ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე ვიდექით“.
გიორგი გუდავა, ჯარისკაცი:
„მე ვარ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზირებულ ჯარისკაცი. მე მაქვს სრული უფლება ვილაპარაკო, იმათგან განსხვავებით, ვინც ჯარში თავი აირიდა გირჩის საბუთებით ან სხვა მეთოდებით. ვიცნობდი ოფიცრებს და სერჟანტებს, რომლებიც გვიყვებოდნენ 2008 წელს დაწყებული ომის შესახებ. მაშინაც იყო ნარატივი, რომ მიშამ დაიწყო ომი!
ჩვენთან ერთმა ჯარისკაცმა, დაუსვა კითხვა სერჟანტს რინელიც უშუალოდ მონაწილეობდა ომში, ომი ჩვენ დავიწყეთ ?მან უპასუხა :“ბიჭებო, არასდროს დაიჯეროთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ჩვენ პასუხის გაცემა დავიწყეთ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ იყო.” მეტიც, სულ კითხვებს ვუყენებდით ოფიცერებს, როცა რუსული ჯარი გვბომბავდა, რატომ არ ვპასუხობდით.
დღემდე ჩამესმის იმ სერჟანტის სიტყვები: “ვისაც მაგას ამბობს, რომ ჩვენ დავიწყეთ, ის არის ქვეყნის მტერიო.” ეს მოხდა 2018 წელს.
მე ფიცი არ დამიდია ბიძინას პარტიის წინაშე, მე ფიცი დავდე ქვეყნის წინაშე. მე ვემორჩილები ქვეყნის მთავარ სარდალს, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი სარდალი არ არსებობს. მე არ ვაპირებ ქვეყნის მტრების ბრძანებების შესრულებას.
მიმიფურთხებია ისეთი ქვეყნისთვის, როგორადაც აქციე საქართველო, ყველგან ღალატის სუნი დგას!
დამძიმებული ვარ მთელი არსებით, მახსენდება ჩემი ფიცი ქვეყნის წინაშე და ამავდროულად ვისმენ ჩემი გენერლების დამცირებას, ქვეყნის დადანაშაულებას, მტრის გამართლებას.
ასე არასდროს შემრცხვენია, რომ ქართველი ვარ. ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, ყველა ესეა.
ფუჭია ყველაფერი, თუ თავმოყვარეობა არ გაგაჩნია. ფუჭია ყველა ტრადიცია და კულტურა, რომელიც უხვად აქვს საქართველოს“.
მამუკა მამულაშვილი, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი:
„უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფის, „ქართული ლეგიონის“ მეთაური და ყველა იმ საომარი მოქმედებების მონაწილე, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული განხორციელდა საქართველოში რუსული ტერორისტული სახელმწიფოს მიერ, ჩემი და „ქართული ლეგიონის“ მებრძოლების სახელით ვაცხადებ: 2008 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა! ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი და რუსული ინტერესების გატარება!“
საგამოძიებო კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. „ქართული ოცნების“ მიერ 5 თებერვალს კომისიისთვის განსაზღვრული მანდატით, შესასწავლი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებში ყოფნის პერიოდი. უფრო ზუსტად:
- საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეები;
- ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევები;
- კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლა, მედიასაშუალებების მისაკუთრება;
- 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარება“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
- „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
- ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.მასალა განახლებადია