WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა. დოკუმენტები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაგმობას, მედიის თავისუფლების დაცვას, უკანონო მიგრაციასთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლას ითვალისწინებს. ბაქო აცხადებს, რომ მათთან შეერთება დამატებით სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებს შექმნიდა.

12 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტი გაიმართა, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. აზერბაიჯანი სამიტზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დონეზე იყო წარმოდგენილი.

სამიტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების ნაწილმა სამი პოლიტიკური დოკუმენტი შეიმუშავა: დეკლარაცია ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ, განცხადება მიგრაციის შესახებ და განცხადება ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის შესახებ.

აზერბაიჯანი არცერთ მათგანს არ შეუერთდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიხან ჰაჯიზადემ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ბაქოს გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტებით გათვალისწინებული დამატებითი სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებებია.

რა საკითხებს ეხება ეს დოკუმენტები

ევროპის უსაფრთხოება – რუსეთის ომი უკრაინაში და დემოკრატიული პრინციპები

სამ დოკუმენტს შორის ყველაზე ფართო შინაარსისაა „დეკლარაცია ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ“, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით მომზადდა და 12 ნოემბერს გამოქვეყნდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, დეკლარაციას 39 ქვეყანა შეუერთდა. მათ შორისაა საქართველოც.

დოკუმენტის შესავალ ნაწილში დაგმობილია რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ხელმომწერი სახელმწიფოები ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, რუსეთის ჰიბრიდულ კამპანიებთან ბრძოლასა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დემოკრატიულ პრინციპებსაც. მასში ნათქვამია, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტებია.

ცალკე ხაზგასმულია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოსა და გამჭვირვალობის მნიშვნელობა.

აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები წლებია აკრიტიკებენ. შეზღუდულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა. ხელისუფლების კრიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები სისხლისსამართლებრივი დევნისა და დაკავებების სამიზნეები ხდებიან. უფლებადამცველი ორგანიზაციები მიუთითებენ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, არასათანადო სასამართლო პროცესებისა და პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ ზეწოლის შემთხვევებზე. ხელისუფლება ამ ბრალდებებს, როგორც წესი, უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები დაცულია.

დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობას, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობას.

დეკლარაციას 39 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის საქართველოც. ხელმომწერთა შორის არ არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, სერბეთი და შვეიცარია.

მიგრაცია –  სომხეთი და საქართველო განცხადების მხარდამჭერებს შორის არიან

მეორე დოკუმენტი უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას ეხება. განცხადება დიდი ბრიტანეთის, დანიისა და იტალიის ინიციატივით მომზადდა და მას დუბლინის სამიტზე 41-მა ლიდერმა დაუჭირა მხარი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ უკანონო მიგრაციის შემცირების, საზღვრების დაცვისა და ადამიანებით უკანონო ვაჭრობის ქსელებთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

ერთ-ერთი მთავარი საკითხია იმ პირების წარმოშობისა და სატრანზიტო ქვეყნებში დაბრუნება, რომლებსაც ევროპაში დარჩენის უფლება არ აქვთ.

განცხადება ითვალისწინებს წარმოშობისა და სატრანზიტო ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, მიგრაციის მარშრუტებზე ინფორმაციის გაცვლას და ადამიანების უკან დაბრუნების პროცესის გაუმჯობესებას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დაბრუნება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

განცხადების მხარდამჭერთა შორის არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

აზერბაიჯანი 41 მხარდამჭერს შორის არ არის.

ამასთან, დოკუმენტი არ ითვალისწინებს აზერბაიჯანისთვის მიგრანტების მიღების კონკრეტულ კვოტას ან მის ტერიტორიაზე მესამე ქვეყნების მოქალაქეების განთავსების ვალდებულებას.

ნარკოტიკებთან ბრძოლა – პორტების უსაფრთხოება და ფულის გათეთრების წინააღმდეგ თანამშრომლობა

მესამე დოკუმენტი ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის ფარგლებში თანამშრომლობას ეხება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მონაწილე ქვეყნები გეგმავენ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გაძლიერებას, მათ შორის საზღვაო პორტებსა და საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე კონტროლის გაუმჯობესებას.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებული კორუფციის პრევენციაზე, სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობასა და საერთაშორისო კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ ბრძოლაზე.

განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ფინანსურ დანაშაულებსაც. განცხადებაში დადებითად არის შეფასებული ევროკავშირის მუშაობა ახალი სანქციური მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულებში, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული პირებისა და ორგანიზაციების დანაშაულებრივ აქტივებზე იქნება მიმართული.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს პარტნიორ ქვეყნებს შორის უკანონო ფინანსური ნაკადებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის კრიპტოვალუტების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლას.

კიდევ ერთი მიმართულებაა სინთეზური ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, პრევენციული ღონისძიებები, მკურნალობა და რეაბილიტაცია.

ამასთან, განცხადებაში არ არის გათვალისწინებული ყველა მონაწილისთვის ავტომატური სანქციების დაწესება. რიგი ინიციატივები ნებაყოფლობითი თანამშრომლობის პრინციპს ეფუძნება.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: დოკუმენტები დამატებით ვალდებულებებს ქმნის

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აიხან ჰაჯიზადემ 13 ნოემბერს მედიის შეკითხვის პასუხად დაადასტურა, რომ ქვეყანა სამივე დოკუმენტს არ შეუერთდა.

მისი განმარტებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანება არაფორმალური დიალოგის პლატფორმაა, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ჰაჯიზაძის თქმით, აზერბაიჯანის მონაწილეობა ამ ფორმატში საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე აზრთა გაცვლას, საერთო გამოწვევების განხილვასა და მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოებას ემსახურება.

„შესაბამისად, აზერბაიჯანული მხარე არ შეუერთდა აღნიშნულ დოკუმენტებს, რომლებიც დამატებით სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებს ქმნის“, – განაცხადა ჰაჯიზაძემ.

სამინისტროს განმარტებაში არ არის დაკონკრეტებული, დოკუმენტების რომელი დებულებები გახდა აზერბაიჯანისთვის მიუღებელი.

უცნობია, ბაქოს წინააღმდეგობა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დამგმობ ფორმულირებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების საკითხებს, მიგრაციის პოლიტიკას თუ ფინანსური ინფორმაციის გაცვლის მექანიზმებს უკავშირდება.

სამივე დოკუმენტი პოლიტიკური განცხადებად მიიჩნევა. მათთან შეერთება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ყველა დებულება მონაწილე ქვეყნებისთვის იურიდიულად სავალდებულო ხდება. თავად ევროპის უსაფრთხოების დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ მისი მიზნები ქვეყნებისთვის არსებულ საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციურ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.

ამასთან, აზერბაიჯანმა დიდი ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია გააფორმა

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი სამ მრავალმხრივ პოლიტიკურ განცხადებას არ შეუერთდა, დუბლინის სამიტის ფარგლებში ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მას 12 ნოემბერს ხელი მოაწერეს ილჰამ ალიევმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბარნჰემმა.

დეკლარაცია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, განათლებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

დოკუმენტში ასევე საუბარია შუა დერეფნის განვითარებისა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მხარდაჭერაზე.