მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენ

1 hour ago 4

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და რედაქტორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გაზეთ „ქრონიკა +“-ის დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მიმართ პროკურატურისა და სასამართლოს მიერ გატარებულ შემზღუდველ საპროცესო ღონისძიებებს აპროტესტებენ.

მედიის წარმომადგენლები საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავენ.

ხელმომწერი ჟურნალისტები და მედიამენეჯერები კილაძის მიმართ გამოყენებულ შეზღუდვებს „დისკრიმინაციულსა და არაპროპორციულს“ უწოდებენ.

განცხადების თანახმად, უკვე ოთხი თვეა, ჟურნალისტს შეზღუდული აქვს საბაზისო უფლებები — მას ეკრძალება სატელეფონო ზარების განხორციელება, მიმოწერა და ოჯახის წევრებთან პაემანი. გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ კილაძის სასამართლო პროცესების დახურვასა და საქმის სრულად გასაიდუმლოებას, რისი ოფიციალური საბაბიც მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეა. განცხადების ავტორების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებისგან ჟურნალისტისა და თავად პროცესის სრულ იზოლაციას ისახავს მიზნად.

დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ: დაუყოვნებლივ გაუქმდეს ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის დაწესებული კომუნიკაციის შეზღუდვები; უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო განხილვების გამჭვირვალობა და საჯაროობა, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, კრიტიკულად შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დასაბუთებულობა და დასაშვებობა.

განცხადების ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასებენ:

„იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა და სასამართლო უარს იტყვიან სასამართლო განხილვის საჯაროობაზე, ჩვენ, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ამ გადაწყვეტილებებს მივიჩნევთ არა მართლმსაჯულების განხორციელებად, არამედ კრიტიკული მედიის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დასჯის მიზნით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად.“

განცხადების ხელმომწერები:

გელა მთივლიშვილი — „საქართველოს ამბები“ / „მთის ამბების“ მთავარი რედაქტორი;

ეთერ თურაძე — „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი;

თამარ რუხაძე — „ბათუმელები / ნეტგაზეთის“ დირექტორის მოადგილე;

ლიკა ზაკაშვილი — „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი;

ლია ჩახუნაშვილი — „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი;

ნინო ჯანგირაშვილი — ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი;

გიორგი თარგამაძე — „TV ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე;

ზურაბ ვარდიაშვილი — „პუბლიკის“ დირექტორი;

დათო ქოქოშვილი — „ნეტგაზეთის“ რედაქტორი.

განცხადებაზე ხელმოწერები გრძელდება. 


„ქრონიკა +“-ის დამფუძნებელს, ელისო კილაძეს 4 თვეა შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარების განხორციელების, მიმოწერისა და შეხვედრების უფლება. ადვოკატის თქმით, დადგენილებებში პროკურატურა უთითებს, რომ არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე.

„პროკურატურამ უკვე სამჯერ გამოიტანა დადგენილება, რომ შეზღუდული ჰქონდეს ელისო კილაძეს არა მარტო მიმოწერა, არამედ პაემანი, სატელეფონო ზარი, კორესპონდენცია. კანონში არის ასეთი რამ, რომ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია დროებით იქნეს ეს ღონისძიება გამოყენებული, მაგრამ დროებითი ნიშნავს ერთ თვეს, კანონი ასე ამბობს. შემდეგ არ უნდა გაგრძელდეს უსაფუძვლოდ ეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთხოვთ საფუძვლებს, ვუსაჩივრებთ პროკურატურას ამ დადგენილებებს, რეაგირება ამას არ აქვს“, – ამბობს ვალერი გელბახიანი.

მისი თქმით, ერთ-ერთ პასუხში პროკურატურამ განაცხადა, რომ ელისო კილაძე ცნობილი ჟურნალისტია და „მაგას რომ მივცეთ მიმოწერისა და კომუნიკაციის თავისუფლებაო, ეგ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ უდანაშაულოაო“.

ადვოკატის შეფასებით, ელისო კილაძეს თავის მართლებაც კი აკრძალული აქვს, რადგან არა მხოლოდ კომუნიკაცია აქვს შეზღუდული, მისი სასამართლო სხდომებიც დახურულია. ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არაა და მტკიცებულებების გარეშე უნდათ განაჩენის გამოტანა.

„დედას შვილთან დაარეკინეთ! სულ გაგიჟდით?“ – დაწერა სოციალურ ქსელში ელისო კილაძის შვილმა. მან პოსტზე სახალხო დამცველის აპარატი მონიშნა.

„მიეცით პატიმარ ელისო კილაძეს კანონით გათვალისწინებული ზარის განხორციელების უფლება.  მე, საქართველოს მოქალაქეს, მომეცით შესაძლებლობა, სატელეფონო ზარით მაინც გავესაუბრო პატიმარ დედას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!“ – დაწერა მან.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, იმ შემთხვევაში, თუ უწყებიდან პასუხს მივიღებთ, მასალა განახლდება.

ელისო კილაძის საქმეზე სასამართლო 7 ივლისიდან იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს. „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზეა დაკავებული. მისი საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად განიხილება. კილაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე მამუკა მდინარაძის შურისძიებაა.

სრულად წაკითხვა