ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პირველი აფეთქება 22 აპრილს, საღამოს მოხდა, რასაც საწყობებში დაცული საბრძოლო მასალების დეტონაცია მოჰყვა. ვლადიმირის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ავდეევის თანახმად, დაშავდა ოთხი ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, აფეთქება უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილთან მდებარე დასახლებული ტერიტორიიდან ევაკუირებულია ასეულობით ადამიანი.
დღეს, 23 აპრილს დილით ოლქის გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სამხედრო ნაწილის საწყობებში დეტონაცია „თანდათან სრულდება”, კირჟაჩის რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შენარჩუნებულია და დღეს არ იმუშავებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები და საწარმოები. აფეთქების რაიონში გადაკეტილია გზები.
კირჟაჩი მოსკოვიდან 90 კილომეტრში მდებარეობს.
2025 წლის აპრილში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს რუსეთის კურსკის და ივანოვოს ოლქებში დისლოცირებულ სარაკეტო ბრიგადებზე.