სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის საქებარ პოსტს კოორდინირებულად ავრცელებენ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს სიტყვები გაავრცელა ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ქირიკაშვილია. მან თავის ფეისბუქის გვერდზე, სავარაუდოდ, ჩატიდან წამოღებული ხმოვანი შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის, დიტო სამხარაძის საუბარი ისმის. დიტო სამხარაძე ამბობს:
„არ არსებობს საქართველო, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ამ კაცმა ყველაფერი გაიღო, ყველაფერი დათმო. მისი ოჯახის უსაფრთხოება დადო სასწორზე“.
დავით ქირიკაშვილის მიერ ხმოვანი მესიჯის გამოქვეყნებიდან, დაახლოებით 4 საათში, დიტო სამხარაძემ აღნიშნული სიტყვები ტექსტის სახით საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაპოსტა.

დიტო სამხარაძის ეს პოსტი ადგილობრივი ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა გადააზიარა, ზოგიერთმა კი გადააკოპირა. მათ შორისაა: ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბექა გიუნაშვილი.

მას შემდეგ, რაც დავით ქირიკაშვილმა დიტო სამხარაძის ხმოვანი მესიჯი გამოაქვეყნა, შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის საქებარი პოსტები კოორდინირებულად გაავრცელეს, „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებში გამოითქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული პოსტების გავრცელების ინსტრუქცია პარტიულ ჩატში გაიცა და დიტო სამხარაძის ხმოვანი შეტყობინებაც სწორედ ამ ჩატიდან გავრცელდა.
თავად დავით ქირიკაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მისთვის დავალება არავის მიუცია.
„მე რასაც ვეთანხმები ის გავავრცელე, არაფერი ჩატში ჩაგდებული არ ყოფილა. თქვენთვის რა მნიშვენლობა აქვს [ეს პარტიული დავალება იყო თუ არა]. არავითარი დავალება არ ყოფილა. მე რასაც ვეთანხმები, ის ჩემს გვერდზე გავაზიარე“, – განუცხადა დავით ქირიკაშვილმა „ტვ პირველს“ სატელეფონო ინტერვიუში.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·