მერცი და ალიევი: გერმანია და აზერბაიჯანი ენერგეტიკულ თანამშრომლობას გააღრმავებენ

4 hours ago 4

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯან-გერმანიის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესსა და რუსეთ-უკრაინის ომზე.

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია და ევროკავშირი დაინტერესებული არიან სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებით და მიესალმებიან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას.

„ეს ისტორიული შეთანხმებაა. მისი წყალობით ჩნდება შესაძლებლობა, დასრულდეს კონფლიქტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. გერმანია და ევროპა მზად არიან, ამ პროცესს ყველანაირად შეუწყონ ხელი,“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობა გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებსაც შექმნის. მერცმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას ისახავს მიზნად. ასევე მიღწეულია შეთანხმება აზერბაიჯანულ-გერმანული ბიზნესსაბჭოს შექმნის შესახებ.

მერცმა განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე გაამახვილა.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე, აზერბაიჯანიდან ნავთობისა და სამხრეთის გაზის დერეფნით გაზის მიწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გვსურს, აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გზით კიდევ უფრო მეტად დივერსიფიცირდეს ჩვენი ენერგომომარაგება,“ – განაცხადა მან.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა ისაუბრა იმაზე, რომ აზერბაიჯანმა 2026 წლიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო.

„ამჟამად ჩვენი გაზი ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოს მიეწოდება, რაც ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილია. გარდა ამისა, აზერბაიჯანი უკვე აწვდის გერმანიას ნავთობს და მომავალში მზად არის ევროპას მწვანე ენერგიაც მიაწოდოს,“ – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო ხიდის როლსაც აძლიერებს, ხოლო ხელმოწერილი შეთანხმებების შესასრულებლად სპეციალური სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

ალიევმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესზე. მისი განცხადებით, ვაშინგტონში ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ „30-წლიანი კონფლიქტი დაასრულა“, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა.

„აზერბაიჯანი ამჟამად სომხეთს ბენზინსა და დიზელის საწვავს აწვდის, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ტერიტორიით უკვე 40 ათას ტონაზე მეტი სატრანზიტო ტვირთი გადაიზიდა,“ – განაცხადა ალიევმა.

ენერგეტიკულ საკითხებზე დამატებითი კითხვის პასუხად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ქვეყანამ 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა ექსპორტზე, რომლის ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. მისი თქმით, გერმანულ კომპანიებთან 10-წლიანი კონტრაქტია გაფორმებული, რომლის საწყისი მოცულობა 1,5 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა ეს მოცულობა შეიძლება გაიზარდოს, თუ გაფართოვდება არსებული ინფრასტრუქტურა და ევროპული ბანკები კვლავ დაიწყებენ ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებას.

ფრიდრიხ მერცმა კი განაცხადა, რომ გერმანია, რომელმაც რუსული გაზის იმპორტი შეწყვიტა, ახალი მომწოდებლების მოძიებას აგრძელებს და აზერბაიჯანს ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს.

„აზერბაიჯანი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც იმაზე მეტ ენერგიას აწარმოებენ, ვიდრე თავად მოიხმარენ. ამიტომ ის გერმანიისთვის ენერგომომარაგების კუთხით მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეს ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, მომავალში აზერბაიჯანიდან გაზის კიდევ უფრო დიდი მოცულობები მივიღოთ,“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმ

სრულად წაკითხვა