მზია ამაღლობელი კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ისევ „ვივამედის“ სივრცეშია

1 month ago 24

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალიტი მზია ამაღლობელი, რომელიც თვენახევარია პატიმრობაშია, კლინია „ვივამედიდან“ გაწერეს, თუმცა ისევ ამავე დაწესებულების შენობაშია. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მის უფლებებს იცავს.

„იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად უკვე გაწერილია კლინიკიდან. ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვს თავად მზიაც“, - წერია საია განცხადებაში.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელი მათი პაციენტი აღარ არის, რადგან გუშინ, 26 თებერვალს გაწერეს:

„ის ზონა, სადაც არიან პენიტენციური დაწესებულების პაციენტები, მთლიანად კონტროლდება მათ მიერ. პაციენტი, რომელიც ჩვენთან არ ირიცხება, მე მასზე პასუხს ვერ გაგცემთ“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროსაც, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პენიტენციური სამსახური. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

„მზია ამაღლობელის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებული ჩივილი მას არ აქვს. უგრძელდებოდა კვების აღდგენის კურსი, თუმცა მან დღეს მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება და მკურნალობის არსებული კურსის შეწყვეტა. მას ჩვენ ავუხსენით შესაძლო გართულებების შესახებ, მაგრამ დარჩა თავის პოზიციაზე. ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციას, რისი შესრულებაც გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე“.

რადიო თავისუფლება პასუხს ელოდება იუსტიციის სამინისტროდანაც, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პენიტენციური დაწესებულება.

მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციამ 11 იანვარს, გვიან საღამოს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი 12 იანვარს ხელახლა დააკავა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.

მზია ამაღლობელმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რუსთავის მე-5, ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს.

მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა 38-ე დღეს, 18 თებერვალს, შეწყვიტა და ექიმების ჩართულობით კვების აღდგენის პროცესი დაიწყო.

სრულად წაკითხვა