საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, მზია ამაღლობელი, რომელიც 23-ე დღეა შიმშილობს, უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როცა ის ბოლოს ნახა.
ამის შესახებ მან მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„ის არის სრულ შიმშილობაზე და მხოლოდ წყალს იღებს. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. ის შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როდესაც მე მას ბოლოს შევხდი. თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს… მზია ამაღლობელს თავიდანვე ცხადად ჰქონდა ნათქვამი, რომ ის არ ითხოვს შიმშილობის გამო რაიმე შეღავათებს მის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მისი გადაწყვეტილება, იმ უსამართლობის გამო, რომელიც ქვეყანაში ხდება, არა მარტო მის საქმეზე, არამედ ზოგადად. აქედან გამომდინარე, ის პროტესტის ამ ფორმას აგრძელებს“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
გარდა ამისა, როგორც ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, მზია ამაღლობელი უარყოფითად და ემოციურად აფასებს იმ განცხადებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან კეთდება, რომ თითქოს ეს მისი შიმშილობა შანტაჟია.
.
„მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია.
ის პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართულ ოცნებას“, სოზარ სუბარს, და ყველა იმ პირს, ვინც მის საქმეზე უტიფრულ განცხადებებს აკეთებენ“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
23-ე დღეა „ბათუმელების” და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტი ნიშნად შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.