ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ბრალის საქმის განიხილვა. მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას ვიდეოზარის საშუალებით ერთვება რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან.
მზია ამაღლობელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალს.
სასამართლოს სხდომაზე, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქმის მოსამართლის სალიხ შაინიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ამის საფუძვლად ისინი ნათესაურ კავშირს ასახელებენ, ადვოკატების თქმით მოსამართლე მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძეა, მათ სურთ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გამოურიცხოს.
ნათესაური კავშირის არსებობა, დაადასტურა მზია ამაღლობელმა, თუმცა მოსამართლემ აცილებაზე უარი თქვა.
„დიახ, ნამდვილად არის ჩემი სიმამრის დეიდაშვილი, თუმცა შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ არსებობს საფუძველი. უარს ვაცხადებ აღნიშნულ შუამდგომლობაზე, მხარეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ“, - თქვა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
შუამდგომლობას, არ დაეთანხმა ბრალდების მხარეც.
„არ ვეთანხმები აცილების შუამდგომლობას, არ არის საკმარისი. მოცემულ შემთხვევაში გასაკვირია ეს შუამდგომლობა, უარს ვაცხადებთ აცილებაზე”, - თქვა პროკურორმა.
რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, ნონა ქურდოვანიძემ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია - ის დააკავეს არა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრისთვის რასაც ადასტურებს ვიდეო, რომელსაც მტკიცებულებად წარადგენენ.
მისი თქმით, ვიდეოში ჩანს როგორც მზია ამაღლობელის მოქმედება, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამი, რომ ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევისთვისაა დაკავებული.
150-ე მუხლით მოქალაქის დაკავება არ ხდება, ამ მუხლზე წარმოებას იწყებს მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც მიმართავს მერიას, რის საფუძველზეც ხდება დადგენილების შედგენა. ამ მუხლით მოქალაქის დაკავების უფლება პოლიციელს არ აქვს, ამბობენ ადვოკატები.
ადვოკატების განმარტებით, მზია ამაღლობელს პოლიციელებისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა და მათთვის არც წინააღმდეგობა გაუწევია, რის საწინააღმდეგოსაც ირწმუნებიან სამართალდამცველები, მათი განმარტებით მზია ამაღლობელი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა უწოდებს მათ "რუსებს", "ძაღლებს".
"ჩვენ წარვადგენთ, ვიდეოს იმ მონაკვეთს სადაც ჩანს ადმინისტრაციული წესით დაკავება არც ერთი ვიდეო არ არსებობს სადაც მზია ვინმეს რაიმე შეურაცხყოფას აყენებს, კომუნიკაციაც კი არ შემდგარ პოლიციის რომელიმე თანამშრომელთან, არ ლაპარაკობს საერთოდ, არავისთან კომუნიკაცია არ ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოწმისგან მოვისმინოთ რას დაადასტურებს, მტკიცებულებით ეს არანაირად არ დასტურდება", - უთხრა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა თამარ წულუკიძემ რადიო თავისუფლებას სასამართლოს სხდომის დაწყების წინ.
ადვოკატები ასევე მიუთითებენ, რომ ვიდეოების მიხედვით, მზია ამაღლობელის დამკავებელი არის აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი გრიგოლ ბესელია, თუმცა საქმეში სხვა პოლიციელის სახელია გაფორმებული. ისინი გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გამოკითხვას მოითხოვენ.
დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებიან ლიეტუვის ელჩი საქართველოში დარიუს ვიტკაუსკასი. ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
მზია ამაღლობელი, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.