საერთაშორისო ჯილდო, რომელიც "ფორუმ 2000-ის" ფონდმა 2021 წელს დააარსა, არის განსაკუთრებული სამოქალაქო გამბედაობისა და პასუხისმგებლობის ჯილდო, რომელიც გადაეცემათ მოქალაქეებს ან ინსტიტუტებს სამეტაპიანი შერჩევითი პროცესის შემდეგ. ეს არის ჯილდო მათთვის, ვინც დემოკრატიის დაცვას, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობას პირად ინტერესზე მაღლა აყენებს.
წინა წლებში ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ:
2024 წელს - როსიო სან მიგელი, ვენესუელელი ადვოკატი და სამხედრო საკითხებში სპეციალიზებული უფლებადამცველი, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს ოფიციალური ბრალდების გარეშე.
2023 წელს - ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ავტორი და ისტორიკოსი, რომელსაც 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი რუსეთში, უკრაინაში რუსეთის ქმედებების ღიად დაგმობისთვის.
2022 წელს - ჟანგ ჟანი, ჩინელი ჟურნალისტი და ყოფილი ადვოკატი. მისმა რეპორტაჟებმა COVID-19-ის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა კრიზისის მართვის გამართულობა, რაც მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა.
2021 წელს - კარლ გერშმანი, დემოკრატიის მცველი და ადამიანის უფლებათა დამცველი, დემოკრატიის ეროვნული ფონდის ყოფილი პრეზიდენტი.
„მზია ამაღლობელი, რომლის საქმიანობაც ადამიანის უფლებებს, კორუფციასთან ბრძოლას და სოციალურ სამართლიანობას ეძღვნება, აღიარებულია, როგორც საქართველოს პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი და სინდისის პატიმარი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“, - ნათქვამია "ფორუმ 2000-ის" განცხადებაში მზია ამაღლობელის შესახებ.