ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც გამოცემების "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მედიამენეჯერს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებული სტატუსი, გამოძიება კი არაეფექტურია.
"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
მზია ამაღლობელს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. საიას ადვოკატის ყველა წერილობითი მიმართვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა, რის შემდგომაც პროკურატურის უმოქმედობა გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ამდენად, უარი განაცხადა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე", ნათქვამია საიას განცხადებაში,
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ "გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტიანად და არაა დაკმაყოფილებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიების სტანდარტი".
საიას განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე მოწმის სახით მხოლოდ სამართალდამცავი პირები არიან გამოკითხულნი, რომლებიც ირაკლი დგებუაძესთან სამსახურებრივად არიან დაკავშირებულნი ან დაქვემდებარებულნი, "რის გამოც არიან სუბიექტურები და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოძიების შედეგით დაინტერესება იკვეთება".
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ გამოუკითხავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე წუთში შეხვდა მზია ამაღლობელს და შესაძლოა ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია.
საიას თანახმად საქმეში მხოლოდ ორი კამერის ჩანაწერია, "რომელთა დაფარვის არეალშიც ხვდება დეპარტამენტის ის შესასვლელი, რომლიდანაც, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ".
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც დაათვალიერა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორია, იქვე არსებულ ბოძზე მან აღმოაჩინა გარე სათვალთვალო კამერა და მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიას მოსთხოვა კამერის ჩანაწერები, ეცნობა, რომ კამერა დამონტაჟდა მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ. ამ ეტაპზე საქმეში არ მოიპოვება კამერის მოგვიანებით დამონტაჟების დამადასტურებელი დოკუმენტაცია".
ამასთან მზია ამაღლობელის დაკავებიდან სამი თვის შემდეგაც საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნები. საუბარია მზია ამაღლობელისთვის 20 იანვარს ჩატარებულ სამედიცინო და 21 იანვარს მის ტანსაცმელზე ჩატარებულ ბიოლოგიურ-ტრასოლოგიურს ექსპერტიზაზე, ბიოლოგიური ნიმუშისა და დაზიანებების კვალის დასადგენად.
საიას განცხადებით, გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა, რატომ ედო მზია ამაღლობელს ხელბორკილები რამდენიმე საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როდესაც ოთახში მასთან ერთად არაერთი პოლიციელი იმყოფებოდა, "რატომ უტარდებოდა მას საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ბორკილებდადებულს, მაშინ როდესაც პოლიციელებისვე ჩვენებით, მზია ამაღლობელი მათთან თანამშრომლობდა და არანაირ საფრთხე მისგან არ მომდინარეობდა", - აქედან გამომდინარე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" მიიჩნევენ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტიანი და უგულებელყოფილია გამოძიების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად წარმოების საკანონმდებლო სტანდარტი.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფელბას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეა
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.