მიანმაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1700-ს აღწევს, ბევრი კვლავ დაკარგულია

3 days ago 2

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მიანმაში (ყოფილი ბირმა) მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1700-ს მიაღწია.

მიანმას მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1644-მდე გაიზარდა, დაშავებულია 3408 ადამიანი. ქვეყნის მმართველმა სამხედრო ხუნტამ შაბათს მიანმაში ასობით უცხოელი მაშველი დაუშვა, იუწყება Reuters.

ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, იანგონის აეროპორტში ჩინეთის სამაშველო ჯგუფი მივიდა. ამ ქვეყანაში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ პეკინი 13,77 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს, კარვების, საბნებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპლექტების ჩათვლით.

მიანმაში (ყოფილი ბირმა) 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 28 მარტს. ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ საგაინიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა.

28 მარტს, ადგილობრივი დროით დღის პირველი საათისთვის მომხდარი მიწისძვრიდან დაახლოებით 12 წუთის შემდეგ აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა კიდევ ერთი, 6,4 მაგნიტუდის ბიძგი აღნუსხა.

დანგრეულია სახლები და სხვა შენობები, ხიდები და გზები.

მაშველებმა მიანმაში 29 მარტს განაგრძეს შესაძლო გადარჩენილების ძებნა შენობების ნანგრევებში.

მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ექვს რეგიონში.

ოპოზიციური ეროვნული ერთიანობის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა ადრე, რომ სამხედრო ხუნტის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ცნობილია როგორც სახალხო თავდაცვის ძალები, ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ მოსახლეობას.

სრულად წაკითხვა